პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გერმანული მხარის მიწვევით, მონაწილეობა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო.
პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა.
„ანა ნაცვლიშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც ხელისუფლება საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტზე, ხელისუფლების რეპრესიებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე, 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე.
ნაცვლიშვილმა ყურადღება გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ქართველი ხალხის მიმართ გაამახვილა და ინდივიდუალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.