ანა ნაცვლიშვილი ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარზე – თუ მთავრობა საქართველოს ინტერესების დაცვისა და წინ წაწევისთვის ვერ იცლის, უნდა განმარტოს, რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ

მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გერმანული მხარის პოზიციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ბუნდესტაგის მხრიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილებაა მისაღები, “ქართული ოცნების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოში მყოფ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არა აქვთ დრო შეხვდნენ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე თვეში, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ! – ამის თაობაზე ჟურნალისტებს “ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელიც პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებს შეხვდა.
ნაცვლიშვილის თქმით, თუ მთავრობა საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და წინ წაწევისთვის ვერ იცლის, უნდა განმარტოს, რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ მათ, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ისურვეს, რომელსაც ევროკავშირში უმნიშვნელოვანესი წონა აქვს.
ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბუნდესტაგის წევრებს საქართველოს ხალხის განწყობა გადასცა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად სურთ და ახლა ყველა ს მოლოდინშია.
“ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს შორის არის საყოველთაო თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო “ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გახდება.
“ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონით ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გააჩერა. ყველა აცნობიერებს, რომ გადამწყვეტი დღე 26 ოქტომბერია – თუ ქართველ ხალხს არ სურს იყოს ს ნაწილი და ნამდვილად აქვს სურვილი იმისა, ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო გახდეს, მაშინ ამ გადაწყვეტილების გაკეთების დღეს არის 26 ოქტომბერი. არჩევანი არის ძალიან ცხადი რუსეთსა და საქართველოს შორის – რუსულ ჭაობში დაბრუნებასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შორის.
ძალიან მკაფიო და ცხადია პოზიციები, რაც ჩვენ პარტნიორებს აქვს. “ქართული ოცნება“ არის ბოლომდე ლუსტრირებული პოლიტიკური ძალა, რომლის ამოცანაა ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს. არანაირი ევროპული ინტეგრაცია და ქართველი ერის ნების აღსრულება “ქართული ოცნების“ ამოცანებში არ შედის.
მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გერმანული მხარის პოზიციას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ბუნდესტაგის მხრიდან მისაღებია მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება, ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ “ქართული ოცნების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არა აქვთ დრო შეხვდნენ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე თვეში საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღეს, პარლამენტში, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებს საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანელ სტუმრებს მმართველი უმრავლესობიდან მხოლოდ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხვდება.