აბუ-დაბის სამიტი არ არის მიუნხენის კონფერენციის რეალური ალტერნატივა, ეს არის ბუღის დაყენება. არავისთვის არ არის სანდო პარტნიორი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ დასანქცირებული ხალხი. არც ქუვეითი, არც რომელიმე ინვესტორი არ ჩადებს ფულს და ბიზნესგარიგებაში არ შევა იმ ხალხთან, რომლებიც დღეში სამჯერ ცვლის საკუთარ სიტყვას, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს, თითქოს რაღაც ალტერნატივას ქმნის.
ამასთან, ნაცვლიშვილის შეფასებით, ის, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არაა, მიუთითებს იმას, რომ მას ლეგიტიმურ ხელისუფლებად არავინ აღიქვამს.
„ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მიწვეული მიუნხენის კონფერენციაზე, მიუთითებს იმას, რომ მას არავინ აღიქვამს, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ იმის ჩვენებაა, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებსა და ხელში არის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოება, მშვიდობა, კეთილდღეობა, სტაბილურობა არათუ საფრთხის ქვეშ დადგება, არამედ გაცამტვერდება. ამიტომ თავად ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნებიდან“ არავინ მიიწვეს, აჩვენებს იმას, თუ რამდენად საშიშ ვითარებაში იმყოფება ქვეყანა, როცა „ქართული ოცნება“ არის ძალაუფლებას დაპატრონებული. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი გააჟღერებს ქართველი ხალხის სათქმელს. დღეს პროტესტი დგას საზოგადოების გულწრფელ, ლეგიტიმურ ბრაზზე და იმ ფაქტის გაცნობიერებაზე, რომ დღეს ქვეყანა არ იმართება და ქაოსში ვერავინ იქნება დაცული.
რუსეთი ხედავს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია საქართველოს ჩამოცილება ევროპიდან და კვლავ რუსულ ჭაობში დაბრუნება, ამიტომ დგას ამდენი ადამიანი ქუჩაში და პროტესტი გაგრძელდება. რუსეთს რაც რჩება, არის ის, რომ როგორმე იქნებ საქართველო გახდეს ნაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებო დასავლური დემოკრატიული აქტორებისთვის. მართალია, „ოცნებაზე“ ხელია ჩაქნეული და მიუნხენში არ იწვევენ, მაგრამ იწვევენ მეხუთე პრეზიდენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გააფუჭოს „ოცნებამ“ და ეცადოს, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოაგდოს, რაც არის რუსეთის გეგმის ნაწილი, ეს ასე არ მოხდება.
აბუ-დაბის სამიტი არ არის რეალური ალტერნატივა, ეს არის ბუღის დაყენება. მტვერს რომ ფეხს გაკრავ და სიცხადეს ცოტა ხნით ეს მტვერი გააჭუჭყიანებს, ასეთ ბუღს აყენებს ახლა კობახიძე. სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი: არც დასავლეთში და არც სხვა ქვეყნებში არავისთვის არ არის სანდო პარტნიორი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ დასანქცირებული ხალხი. არც ქუვეითი, არც რომელიმე სხვა ქვეყანა და მისი რეალური ინვესტორი არ ჩადებს ფულს და ბიზნესგარიგებაში არ შევა იმ ხალხთან, რომლებიც დღეში სამჯერ ცვლიან საკუთარ სიტყვას. ის, რომ ეს ხალხი არის გადამგდები და საკუთარ ნათქვამს მუდმივად ცვლიან და არასანდო ხალხია, ეს არაერთხელ გახდა მკაფიო და ყველასთვის გასაგები. ახლა კობახიძე ცდილობს, რომ მოგვაჩვენოს, თითქოს, რაღაც ალტერნატივას ქმნის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება სხვა თემებს, პოლიტიკოსმა გადაცემაში, ასევე, ისაუბრა აქციებზე დაკავებულ პირებზე, მათ შორის საბა სხვიტარიძის მიერ სასამართლო პროცესზე გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე.
„საბა სხვიტარიძის საქმე სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ცალსახად არის წამება. ადამიანურად და პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, საძალაუფლებო ცენტრების აბსოლუტურ, სრულ ხრწნას აჩვენებს. დღეს ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება. მოთარეშე, მოძალადე ჯგუფების ამარა არის დარჩენილი ეს პროცესი. საბა სხვიტარიძის საქმე არის ერთ-ერთი საქმე და არა ერთადერთ, სადაც მოქალაქეები ჰყვებიან როგორ აწამებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ა.შ. ძალიან მძიმე საქმეებია. ვმუშაობდი მათ დოკუმენტირებაზე, რომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ და არასამართლებრივ პლატფორმას ჰქონოდა მსგავს საქმეებზე დეტალური ინფორმაცია. საბას საქმე აჩვენებს იმას, რომ ვიღაცას ხელი კი არ გაექცა, ან სიტყვა კი არ გადაამეტა, ან ერთი ან ორი ცალკეული ფორმიანის თვითშემოქმედება კი არ არის, არამედ ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანებს, ვინც საბას და ათობით სხვა დემონსტრანტის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, აქვთ იმის განცდა, რომ აბსოლუტურად ხელშეუხებლები და დაუსჯელები იქნებიან. ასეთი განცდა ადამიანს, რომელსაც ფორმა აცვია და ძალაუფლება აქვს, ერთადერთ შემთხვევაში უვითარდება, როცა მან ზუსტად იცის, რომ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს და შესაბამისად, აღარ მუშაობას. ქვეყანა, სადაც არსებობს გამოძიება, არსებობენ საგამოძიებო უწყებები, თავის ადგილას დგას პროკურატურა; სადაც თავის ადგილას დგას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც დამატებით შექმნეს; ქვეყანა, სადაც საშუალო დონის სასამართლო მაინც არსებობს; ქვეყანა, სადაც არსებობს პარლამენტი, თავისი საზედამხედველო ფუნქციით; ქვეყანა, სადაც არსებობს ცოცხალი სახალხო დამცველი, ასეთი რამ არ ხდება. ანუ რა გამოდის, ეს საქმე კი არ არის მარტო პრობლემა, ეს საქმე არის აისბერგის წვერი. პრობლემა არის იმდენად მასშტაბური, იმდენად ღრმა, გახრწნილია საძალაუფლებო ყველა შრე. საჭიროა „რესტარტი“, რასაც ახალი არჩევნები შექმნის.
რაც შეეხება ლაშა გაბიტაშვილის საკითხს, სრული სოლიდარობა ლაშა გაბიტაშვილს, რომელიც დანაშაულის ადრესატი გახდა. რამდენიც არ უნდა ეცადოს ზარქუა, რომ დაგვარწმუნოს, ის არაფერ შუაში არაა, რა თქმა უნდა, ცხადად და ნათლად პასუხისმგებლობა არის მასზე, პერსონალურიც და გამოძიებაზე, რომლისგანაც არაფერს ველოდები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ხერხეულიძე-300x200.jpg)