მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი იმოქმედებენ შესაბამისად, რათა „არალეგიტიმური პარლამენტი მარტო დარჩეს, როგორც არალეგიტიმური მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დროს“.
„როგორც უკვე ცნობილია, 26 ნოემბერს ცესკო-მ 3 პოლიტიკური სუბიექტის პარტიული სია გააუქმა. დღეიდან, არალეგიტიმური პარლამენტის მანდატების გაუქმება პირადი განცხადებით ე.წ. დეპუტატმა უნდა მოითხოვოს.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, პირველმა აღნიშნული განცხადებით გიორგი ვაშაძემ მიმართა და დაუყოვნებლივ მოითხოვა მისი ე.წ. მანდატის გაუქმება.
მივმართავთ თვითგამოცხადებულ პარლამენტს, სასწრაფოდ გაითვალისწინოს გიორგი ვაშაძის განცხადება და გააუქმოს მისი ე.წ. მანდატი.
ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს იმოქმედოს შესაბამისად, რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ ერთიანი პოზიცია; რათა არალეგიტიმური პარლამენტი მარტო დარჩეს, როგორც არალეგიტიმური მთავრობის დაკომპლექტების პროცესში, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დროს.
ჩვენი ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე, და ამისთვის საჭიროა სრულად გაწყდეს ყოველგვარი კავშირი თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ანა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.