თბილისის მერია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ და კარგ პროექტს განახორციელებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ანა კაკაბაძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ან კაკაბაძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ასრულებს, ბავშვებზე ზრუნვაა.
„მიმდინარე წელს თბილისის მერმა გააჟღერა სიახლე, რომ ბაგა-ბაღებში 12 ათასამდე თანამშრომელს 15%-იანი ხელფასის ზრდა ექნება. წელს უკვე გაიხსნა სრულად რეაბილიტირებული ორი ახალი საბავშვო ბაღი. ბაღების სიმცირე ყოველთვის აღინიშნებოდა და ეს იყო გამოწვევა. მიხარია, რომ 2017 წლის მერე 23 ახალი ბაღი აშენდა, 11-ს კი სრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ.
დღესვე უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს უკვე 23 მოქალაქეს გადაეცა საცხოვრებელ ფართი.
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ყოველთვის ზრუნავს მოქალაქეებზე. მიმდინარე წელს 23 მოქალაქეს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ფართი. რაც კახა კალაძეა მერი, 2017 წლიდან დღემდე, 3000-მდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. რიცხვები გესაუბრებათ თქვენ და არა ის მოგონილი ფაქტები, რომლებსაც ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები ხშირად იყენებთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა ინიციატივას, რადგან განვითარებას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა ანა კაკაბაძემ.