მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არჩევნებში ჩარევისგან და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც არ ღალატობს ისტორიულ არჩევანს, ეს არჩევანი არის ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ყველასთვის,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დოლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ პანიკაშია“.
„12:00 საათისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მაღალ აქტივობას, 22.22% მივიდა საარჩევნო უბანზე. ეს ბევრად მეტია, 2016-სა და 2020 წელთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს საქართველოდან გავიდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, 22% ამ ეტაპზე მიანიშნებს, რომ ეს არის ისტორიული არჩევანი და ქართველი ხალხი ამბობს თავის სიტყვას. ამასთანავე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა არჩევნებზე და მოვუწოდო ყველას, მივიდეს აუცილებლად. არ შევუშინდეთ ცუდ ამინდს, არც კოორდინატორებს, არც სვავებს. ეს სიმახინჯეები, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან, თქვენ ყველას შეგიძლიათ დღეს დაასრულოთ. ქუდზე კაცი საარჩევნო უბნებთან და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას და წინსვლას. ჩვენი წარმომადგენლები ხედავენ, რომ არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ორ-ორი ბიულეტენების გაცემა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, კოორდინატორების სიებით მობილიზება. „ქართული ოცნება“ არის პანიკაში. ყველაფერი ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობა, რაღაცნაირად გააყალბოს ქართველი ხალხის ნება. კონკრეტულად მინდა გავაფრთხილო ყველა ადამიანი, ვინც ეცდება ხელი შეუშალოს ხმის მიცემას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არ არის ხუმრობა. ყველა პირი პასუხისგებაში იქნება მიცემული, ვინც აპირებს საქართველოს მოქალაქეებს წაართვას ევროპული მომავალი. ნუ გასწირავთ საკუთარ ცხოვრებას და საკუთარი ოჯახს ბიძინა ივანიშვილის მშვიდი ძილისთვის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არჩევნებში ჩარევისგან და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც არ ღალატობს ისტორიულ არჩევანს, ეს არჩევანი არის ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ყველასთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.