ხელისუფლებაში მოვალთ, ამ რეფორმებს დავწერთ და ხალხს ვაჩვენებთ, რომ 12 წლის უძრაობის შემდეგ, 12 წლის „ბრეჟნევიზმის“ შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ამ რეფორმებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ანა დოლიძემ პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„პრეზიდენტთან შეხვედრები გაგრძელდება იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ. არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და პარტიების კონსულტაციები ერთმანეთთან და პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტთან კონსულტაციები ყველა საკითხს ეხება.
რამდენიმე დღის წინ როდესაც გვქონდა საუბარი, მაშინ წამოიჭრა საკითხი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით. კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, პროცესი გაწერილია და ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, რაც პარლამენტში პირველი სხდომა იქნება მოწვეული. ქარტიაშიც წერია, რომ პარტიებს აქვთ ვალდებულებები არჩევნების შემდეგ, მანდატის მოპოვების შემდეგ.
დღეს იყო შემაჯამებელი შეხვედრა. ოთხი პარტია ვიყავით, ყველას აქვს თავისი მოსაზრებები და რაღაცნაირი აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. საბოლოო შეჯერებული პოზიცია არ გვაქვს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვინმეს დაასახელებს თუ არა.
ჩვენ უნდა გავატაროთ ევროპული რეფორმები. მართალია, რეფორმებს ვერ მოვასწრებთ ბოლომდე – ეს არის ძალიან რთული საქმე. მარტო სასამართლო რეფორმა რომ ავიღოთ, მოსამართლეებთან გვაქვს საქმე, არის ძალიან რთული ორგანიზმი, მაგრამ გაზაფხულზე ევროპას უნდა დავანახოთ, რომ ამ რეფორმების დამწერები ვართ. ეს არის ქარტიის ამოცანა. ქარტიაშივე წერია, რომ გაზაფხულზე მთავრობა უნდა გადადგეს. მე, როგორც ქარტიაზე ხელმომწერი, აქ პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ რეფორმებს დავწერთ და ხალხს ვაჩვენებთ, რომ 12 წლის უძრაობის შემდეგ, 12 წლის ბრეჟნევიზმის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ამ რეფორმებს, ბუნებრივია, ამ ადამიანებს ქართველი ხალხი ისევ ენდობა. ეს უბრალოდ ახალ ხარჯებთან არის დაკავშირებული და აქ ერთი რისკიც არის – ისე არ უნდა მოხდეს, რომ “ქართული ოცნება” დაბრუნდეს ხელისუფლებაში. შეიძლება ეს მოხდეს, ისარგებლონ რუსებმა, რომ აქ იქნება კოალიციური მთავრობა. თუ კარგად ვიმუშავებთ, ამის გაკეთება შესაძლებელია.
დღეს ვართ აქტიური საარჩევნო კამპანიაში და წინა შეხვედრაზეც ვუთხარით ჩვენს პრეზიდენტს – ამ პირობებში თანამდებობებზე საუბარი არ მიგვაჩნია სწორად იმიტომ, რომ ახლა მთავარი არის, რომ გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.