ასეთი სერიოზული ოპერაცია სცენარებად უნდა ყოფილიყო გარჩეული მანამდე. თუ მშვიდობიან დამხობას გეგმავ, მაშინ რისკები უნდა ყოფილიყო გათვლილი, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, სჯობდა სცენარების განხილვა მომხდარიყო მანამდე და არა მას შემდეგ.
„ჩვენი ქვეყნისთვის ჯობდა, რომ სცენარების განხილვა მომხდარიყო მანამდე და არა მას შემდეგ, რაც ურემი გადაბრუნდა. ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ადამიანების გონივრულ კითხვებს არ ახშობენ, ასეთი სერიოზული ოპერაცია სცენარებად უნდა ყოფილიყო გარჩეული მანამდე. თუ მშვიდობიან დამხობას გეგმავ, მაშინ რისკები უნდა ყოფილიყო გათვლილი. არ იყო საშუალება კითხვების დასმის.
ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში მთავარი ჩავარდნა არის ის, რომ ამბობენ ერთს, ფიქრობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენთან არ არსებობს“,- განაცხადა დოლიძემ.
მისივე შეფასებით, 4 ოქტომბერს ადამიანებს იმედები გაუცრუვდათ. დოლიძეს იმედი აქვს, რომ ისევ საზოგადოებას დასვამს შესაბამის კითხვებს.
„მთავარია ხალხის უდიდესი მასა მივიდა რუსთაველზე. 4 ოქტომბერი, როგორც „ოცნებასთან“ შეურიგებელი თარიღი შედგა ორივე მიმართულებით – არჩევნების მიმართულებით. არჩევნებზე არ მივიდა ხალხი და მივიდა რუსთაველზე.
თუ იმ დღეს ვინმეს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, მე არ მქონდა, ბევრი მიზეზის გამო. ადამიანებს იმედები გაუცრუვდათ და იმედია ისინივე დასვამენ შესაბამის კითხვებს“,- განაცხადა დოლიძემ.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა სუსტია და ხელისუფლება ამ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსებით ინარჩუნებს ძალაუფლებას.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნების“ საყრდენი ძალიან მყიფეა და ქვეყანას ორი შესაძლო გზა აქვს – რეპრესიების გაძლიერება ან ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
„როდესაც 1/5-ის მხარდაჭერა გაქვს და ისიც იმიტომ, რომ ხელისუფლება ხარ და რესურსები გაქვს, თვითონაც იციან, რას ფიქრობს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებაზე. ამ პირობებში მათი დასაყრდენი მხოლოდ სანქცია ვერ იქნებიან. საყრდენი, რაზეც „ქართული ოცნება“ დგას ძალიან მყიფეა. აქ არის ორი გზა: ან მეტი რეპრესია ან ხელისუფლების მშვიდობიანი და დროული გადაბარება“, – განაცხადა დოლიძემ.