ანა დოლიძე მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ დოლიძემ დღეს, 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამავდროულად აღნიშნა, რომ არ აპირებს შეუერთდეს ს ბოიკოტირების კამპანიას.
„პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შექმნას სალაპარაკო თემა საერთაშორისო ასპარეზზე — თითქოს ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, წარმოადგენს რაიმე ფორმით ბრძოლას, ვინაიდან ჩვენს წინაშე არ არსებობს კონკურენტული პირობების მსგავსებაც კი. ერთ მხარეს არიან გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს — ჩაგვრა, რეპრესია და სასამართლო კლანი, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს. ასეთ პირობებში არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ საკუთარი მომხრეები და ამომრჩევლები მივიყვანოთ ამ მსხვერპლშეწირვაზე,“ — განაცხადა დოლიძემ.
თუმცა, მისი თქმით, „არ უერთდება ბოიკოტს“.
„ქვეყანაში არსებული აპათიური განწყობის პირობებში მიგვაჩნია, რომ დროისა და რესურსების დახარჯვა იმაზე, რომ სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია. ხალხმა, როგორც ყოველთვის, ისედაც ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად — უსამართლობა. ჩვენ არ უნდა ავცდეთ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება. ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს უნდა იყოს მიზანი,“ — განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველო“, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ივნისის დასაწყისში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ