ვერ მომიძებნით ვერც ერთ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილს სასამართლო „კლანი“ ჰყავს გაკრიტიკებული, – ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე მნიშვნელოვანი მისი საქმეებია.
„მე გავამახვილებდი ყურადღებას გაკეთებულ საქმეზე და ამის მიხედვით შევაფასებდი მას და არა განცხადებების მიხედვით. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, განცხადება ფასდადებული რამ არ არის. ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ხან აკრიტიკებენ, ხან არა. თუ ჩვენ გადავხედავთ სალომე ზურაბიშვილის საქმეებს, მაშინ აუცილებლად გაჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. სანამ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ის ძალიან დიდი ხანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. ევროპასთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია და ქვაკუთხედია სასამართლო. იცით, რომ იმ თემაზე, რომ სასამართლოში ყალიბდება “კლანი”, რომელიც გააკონტროლებს მოსამართლეებს, რომლის დასუსტებაც შეუძლებელი იქნება[განცხადება არ გაუკეთებია]. როდესაც გიორგი მარგველაშვილის ვეტო გაგვქონდა, მე მისი საპარლამენტო მდივანი ვიყავი. მაშინ სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს დეპუტატი. ის ღიად ამბობდა, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ასევე, მას მხარი აქვს დაჭერილი თეა წულუკიანის რეფორმებისთვის.
მეტსაც გეტყვით, მას ჩემს მაგივრად იუსტიციის საბჭოში დღესაც ჰყავს წარმომადგენელი, თამარ ღვამიჩავა, რომლის გარეშეც ვერავითარი „კლანის“ პარპაში ვერ შედგებოდა. ის ეხმარება „კლანს“. მაშინ იყო მაჟორიტარი დეპუტატი და ასეთი განცხადებები მუდმივად აქვს გაკეთებული სასამართლოსთან მიმართებაში, რომ აქ საპანიკო არაფერია, კარგი რეფორმაა და მხარი აქვს დაჭერილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.