„კლანს“ ახალი მოსამართლე უპოვია, ვიღაცა ჯალათი, ზვიად ცეკვავა, ეს მოსამართლე ზის და 40-50 ადამიანს ასამართლებს ერთი და იმავე მტკიცებულებებით – ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, როგორსაც ადრე ვებრძოდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით ქვეყანაში ავტორიტარული რეპრესიები მიმდინარეობს.
„მოგესალმებით თბილისის საქალაქო სასამართლოდან. ველოდები საქმეების დაწყებას, ჯერჯერობით აქ არავინ მოუყვანიათ. გადავსებულია იზოლატორები. „კლანს“ ახალი მოსამართლე უპოვია, ვიღაცა ჯალათი, ზვიად ცეკვავა. ეს მოსამართლე ზის და 40-50 ადამიანს ასამართლებს ერთი და იმავე მტკიცებულებებით. სააკაშვილი რომ არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი, ვხედავდი თუ რა სისასტიკეს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ. მინდა გავიხსენო სერგო თეთრაძის საქმე, როდესაც ის მოიყვანეს ნაწამები არც იკითხა მოსამართლემ მისი მდგომარეობის შესახებ და გაუშვა პატიმრობაში, შემდეგ კი გარდაიცვალა. მინდა გითხრათ, რომ ეს სისასტიკე მოხდა ბოლო ორ დღეში. ადვოკატებს ვესაუბრე – აქ ვინც მოიყვანეს, ყველა ნაცემი იყო და ისინი გაუშვეს საპატიმროებში. ეს ხელისუფლება ისეთივე ჯალათად გადაიქცა, როგორსაც ადრე ვებრძოდით. ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ როდესაც ადამიანს ეტყობა ზიანი, მოსამართლე ვალდებულია, მას კითხოს და შემდეგ ეს ინფორმაცია გადააგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. არცერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. ეს არის ზუსტად ავტორიტარული რეპრესიები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.