მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელიც მივიდა პლებისციტზე, NATO-სა და ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რაც შემდეგ კონსტიტუციაში აისახა. ბიძინა ივანიშვილის კი საქართველოს ბელარუსიზაცია უნდოდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციის საზრუნავი ხელისუფლებასთან შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის მზადებაა.
„როგორც ჩანს, რუსეთთან „ქართულ ოცნებაში“ თავს ვალდებულად თვლიან. მთელი ცივილიზებული სამყაროს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. უკრაინასთან დაკავშირებით კი კითხვა უნდა დაისვას – იმ სამშვიდობო გეგმაში, მეორე მხარე, ანუ რუსეთი რას თმობს. არავის თვითმიზანი NATO არ არის, მათ შორის, არც ჩვენთვის, მაგრამ NATO ახლა თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა. უკრაინა ბირთვული სახელმწიფო იყო და მან 90-იან წლებში ბირთვული იარაღი დათმო, ამიტომ უკრაინას აღარ უნდა დაემართოს ის მიამიტობა, რომელიც მაშინ.
რაც შეგვეხება ჩვენ, მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელიც მივიდა პლებისციტზე, NATO-სა და ევროკავშირის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, რომელიც შემდეგ კონსტიტუციაში აისახა. ბიძინა ივანიშვილის კი საქართველოს ბელარუსიზაცია უნდა, რაც ჯერ არ გამოუვიდა. შესაძლოა, ამ მიზნის მისაღწევად ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ველის მოსუფთავება დაიწყოს, პოლიტიკოსები გვერდით გაწიოს, გააკონტროლოს – პარტიების გაუქმება, ჯარიმები, ეს ყველაფერი ამის მცდელობაა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, დოლიძის შეფასებით, რაც ემიგრანტებთან დაკავშირებით ხდება, ეთნიკური წმენდა და მილიონნახევარი ადამიანის გარიყვაა.
„ეს სამარცხვინო საქციელია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, რადგან ბიძინა ივანიშვილი მისი დამფინანსებელი და თანამოაზრე იყო.
„სააკაშვილს იმიტომ ვებრძოდი, რომ ციხეებში შექმნილი ვითარება არ მომწონდა და დღეს რა ხდება? 2012 წლის შემდეგ სისტემა არ დანგრეულა. ბიძინა ივანიშვილმა ხალხი გამოიყენა, ია მეტრეველი არ გამოიყენა? ბუტა რობაქიძის საქმეზე, ოქრუაშვილს მიუსაჯეს და ადეიშვილი გაამართლეს. სამართლიანობა არ აღდგა. დღესაც პროკურატურაში შემოდებულია საქმეები, რომლებზეც ადამიანები სამართალს ითხოვენ. ადრე თუ გვიან ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ. 2012 წელს იმედი მქონდა, რომ რეპრესიების შემქმნელი ორგანო პროკურატურიანად – პოლიციიანად დაინგრეოდა. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაზე პასუხისმგებელი სააკაშვილია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი და თანამოაზრე იყო. ბიძინა ივანიშვილის სასახლე თავის დროზე, სამშენებლო ნებართვების დარღვევით არის აშენებული, ეს კი აჩვენებს, რომ მას 2012-წლამდეც ჰქონდა ძალაუფლება. თუ არსებობდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა, მაშინ დაზვერვას, კუდ-ს, სოდ-ს უნდა ემოქმედა. 2012 წელს პოლიტიკური ველი მოსუფთავებული იყო და არ იყოს სხვა ძალა. ახლაც იგივე ხდება, ველი სუფთავდება და შესაძლებელია ამ ნაყოფიერ ველზე ვიღაც ახალი შემოვიდეს, რომელიც შესაძლოა ქვეყნისთვის კარგი საერთოდ არ იყოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.




