ჩვენ გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს – დიდი რისკია, „ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს იმ მიზნით, რომ საკუთარი სატელიტები გაიყვანოს პარლამენტში და ასე შეკრას უმრავლესობა,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა კვლევა, მათ შორის IRI-იც აჩვენებს ტენდენციას, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ მზარდი რეიტინგი აქვს.
რაც შეეხება კვლევის მიხედვით 4%-ანი მხარდაჭერის მაჩვენებელს, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ კვლევა ალოკაციის გარეშე არის ჩატარებული.
„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, მეტ-ნაკლებად ყველა კვლევა ამას ადასტურებს. IRI-ის კვლევამაც აჩვენა და ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა აჩვენებს, ორ ტენდენციას, ეს არის ჩვენი გუნდის მხარდაჭერის ზრდა და „ნაცმოძრაობის“და „ოცნების” რეიტინგის კლება. ჩვენი გაცხადებული მიზანი, რომ „ნაცმოძრაობამ” და „ოცნებამ“ 50 პროცენტი ვერ უნდა აიღონ, არის რეალური. მნიშვნელოვანია სხვა პატარა, პროდასავლური პარტიები გაძლიერდნენ. 30 პროცენტს არ უნდა „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, 40-ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. სურათი ნათელია ქართველ ხალხს არ უნდა „ოცნება” ხელისუფლებაში და კიდევ უფრო არ უნდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და ფეიკ-კვლევებით ერთმანეთს უწევენ რეიტინგებს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურმა ბარიერის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარიერის შემცირება შესაძლოა, “ქართული ოცნებისთვის” იყოს ხელსაყრელი.
„გავიმეორებ და ყველამ იცის, ჩვენს გუნდს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ბარიერს, ნორმალურ პირობებში, დაბალი ბარიერი შესაძლოა ჩაითვალოს ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რომ მრავალპარტიული პლურალისტური პარლამენტი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენ ნორმალურ პირობებში არ ვცხოვრობთ, ამიტომ დიდი რისკია იმის, რომ „ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს იმ მიზნით, რომ საკუთარი სატელიტები გაიყვანოს პარლამენტში და ასე შეკრას უმრავლესობა, ამიტომ როცა ბარიერის დაწევაზე ვსაუბრობთ, ამ რისკზეც არის დასაფიქრებელი”, – განაცხადა ბუჩუკურმა.