ჩვენ მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიებას, მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს ეს? ამ კომისიაში მინიმუმ სამ ადამიანს პირდაპირი აფილირება აქვს „ნაციონალურ მოძრაობის“ რეჟიმთან , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს.
როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში„ განაცხადა, აღნიშნული კომისია აქამდეც უნდა შექმნილიყო.
„აქამდე უნდა გამოეძიებინათ. ამას პირველ რიგში, როგორც მოქალაქე ვამბობ და ვამბობ ადამიანი, რომელიც გავიზარდე ანტინაცური განწყობებით. რაც შეეხება ამ კომისიას და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიებას, მაგრამ ვინ უნდა გამოიძიოს ეს? ამ კომისიაში მინიმუმ 3 ადამიანს პირდაპირი აფილირება აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან. ამასთან, ჩემთვის საინტერესოა მხოლოდ სააკაშვილის „ნაცებს“ დაიბარებს კომისია და გამოკითხვას თუ ივანიშვილის „ნაცებსაც“ დაიბარებს?! მაგალითად, სანდრო გვირგვლიანის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საქმის მნიშვნელოვანი ფიგურანტი, (ლევან) მურუსიძე იქნება თუ არა დაბარებული და გამოკითხული? მაგალითად, გივი მიქანაძე, რომელიც ციხის ბუნტის დროს რიგითი კლერკი კი არ იყო, ის იყო სასჯელაღსრულების კურატორი მინისტრის მოადგილე? დაიბარებს თუ არა „ხარებას“ , რომელიც ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი სისტემის ნაწილი იყო?
ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე პროპაგანდისტულ პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
კითხვაზე, რამდენად სწორია ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება რომ არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიაში და არ მისცენ ჩვენება, ბუჩუკური ასე პასუხობს :
„მე შეიძლება მივსულიყავი და იქ მეთქვა ჩემი სათქმელი. გასაგებია, რომ ეს არის ე.წ. კომისია და რომ პარლამენტიც არის ე.წ“.
გარდ ამისა, ბუჩუკურმა ოპოზიციის კოორდინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წითელი ხაზი,
„თუ ბატონი ხაბეიშვილი „ნაცობით“ თავად კომპლექსდება, ეს მისი პრობლემაა, რაც შეეხება ერთობაზე ისტერიას, რაღაც ახალი ტერმინი შემოვიდა ღრმა კოორდინაცია თუ რაღაც მსგავსი, გახარიას პარტიას და პერსონალურად გახარიას ვერ ნახავთ ვერც ერთ ინტერვიუს თუ განცხადებას, სადაც ჩვენ სიმართლე არ გვითქვამს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მომავალშიც ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი გუნდისთვის არის წითელი ხაზი, უფრო მეტიც, მიმაჩნია რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო“, – განაცხადა მან .
ამასთან, როგორც ბუჩუკური აცხადებს მისი პოლიტიკური გუნდისთვის ორი საკითხია, რასთან დაკავშირებითაც პარტიას კომუნიკაცია ყველასთან აქვს.
„ევროინტეგრაციის და პოლიტიკური პატიმრების საკითხი არის ის საკითხი, სადაც ჩვენ ყველანაირ პარტიულ ინტერესებს გვერდით ვდებთ და ვამბობთ, რომ ამაზე კომუნიკაცია ყველასთან გვაქვს. თუ მათ შიგნით პრობლემები აქვთ და ეს ე.წ. კოალიციები ეშლებათ, ერთმანეთთან გაარკვიონ ამ კრახის მიზეზები და დაანებონ თავი სხვა პარტიებზე ლაპარაკს. პირველ რიგში, აგრესიულ ისტერიას დაანებონ თავი“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
გარდა ამისა, ბუჩუკურმა ადგილობრივ არჩევნებზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.
კერძოდ, მიიღებს თუ არა „გახარია საქართველოსთვის” არჩევნებში მონაწილეობას, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენას, ვერც „ქართული ოცნება“ , ვერც ოპოზიციური პარტიები, ვერც ქვეყნის გარედან მოახდენენ გავლენას.
„ნებისმიერი პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზად ნებისმიერი არჩევნებისთვის, რადგან პოლიტიკური პარტია არის პოლიტიკური პარტია. არჩევნებამდე დარჩენილია თითქმის 7 თვე. ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას , ვერც „ოცნება’ , ვერ ოპოზიციური პარტიები, ვერც ქვეყნის შიგნით მოახდენენ გავლენას და ვერც ქვეყნის გარედან“,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, „ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერიც შეიძლება მოხდეს“.
„ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ის, რომელსაც ჩვენი გუნდი მიიღებს ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამომრჩევლებთან შეთანხმებით. არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერიც შეიძლება მოხდეს.
არჩევნებამდე 7 თვით ადრე, ვინც მონაწილეობაზე „კის“ ან „არას“ იტყვის, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
