ანა ბუჩუკური – მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, მზად ვიყავით, პარტია დაგვეთმო – “ლელოს” ლიდერისგან მოვისმვინე, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ჩვენ არ ვიცით რა დოკუმენტია, მოვუწოდებთ, გამოაქვეყნონ

ჩვენ მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, მზად ვიყავით, პარტია დაგვეთმო. ერთადერთი, რაც ს უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება პარტნიორებთან პარიტეტთან დაკავშირებით , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
როგორც ბუჩუკურმა განმარტა, კარგია, რომ ორ ოპოზიციონერ ლიდერს შორის დისკუსია შედგა, რადგან ეს სამომავლოდ პარლამენტში პარტნიორობის შესაძლებლობას აჩენს.
“მესმის, რომ მოლოდინები გაჩნდა, ტემპერატურამაც აიწია, მაგრამ შეთანხმება რომ ვერ შედგა, ეს დრამა ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, სხვადასხვა სპეკულაცია მოვისმინე და ეს სპეკულაციები მინდა, რომ გამოირიცხოს. მოვისმინე, რომ თითქოს 16:00 საათზე გიორგი გახარია უნდა ყოფილიყო შეხვედრაზე და ეს ასე არ არის – არანაირი შეხვედრა მას ჩანიშნული არ ჰქონია. ასევე მოვისმინე, რომ თითქოს მეორე მხარისთვის მოულოდნელი იყო ჩვენი პოზიცია მაშინ, როდესაც ჩემი თანდასწრებით გახარია ტელეფონით ესაუბრა მამუკა ხაზარაძეს.
შესაძლოა, მათ შიგნით, სხვა წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, რომ ეს საუბარი შედგა.
მე მოვისმინე “ლელოს” ლიდერისგან, რომელიც საუბრობს ერთიანად ამ 9 ნომრის, ერთიანი კოალიციის სახელით, რომ ის მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ოღონდ არ ვიცით, რა დოკუმენტზეა საუბარი, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ გამოაქვეყნონ ეს აღნიშნული დოკუმენტი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დისკუსია რომ შედგა, ჩემთვის ეს არის პოზიტივი, აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტსა და “ლელოს”. პირველად მოხდა, რომ დისკუსია შედგა ამ ორ სუბიექტს შორის. ეს სამომავლოდ პარლამენტში პარტნიორობის შესაძლებლობას აჩენს.
რაც შეეხება, ზოგადად, პროცესის მიმდინარეობას – ერთის მხრივ, ბატონი მამუკა ამბობს, რომ კოალიციის ლიდერია და საუბრობს კოალიციის სახელით და მოლაპარაკებებზე ზის და ამის პარალელურად მისი პარტნიორები ზუსტად იმავე დროს საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი შესაძლო პარტნიორობის საჭიროებას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც “ლელოს” უნდა გაეკეთებინა, უნდა მოეხდინა შეთანხმება მის პარტნიორებთან და სამწუხაროდ, ეს შეთანხმება მან ვერ მოახერხა.
მინდა ხაზი გავუსვა იმ უდიდეს დათმობას, რა დათმობაზეც ჩვენი გუნდი წავიდა. გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ახლა, ოპოზიციიდან, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, და მომავალშიც სულ ასე იქნება ჩვენი გუნდი, პირად და პარტიულ ინტერესზე წინ ყოველთვის ვაყენებდით, ვაყენებთ და მომავალშიც დავაყენებთ სახელმწიფო ინტერესს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მივდიოდით უდიდეს დათმობაზე, რასაც ჰქვია პარტიის დათმობა. მზად ვიყავით, დაგვეთმო ჩვენი პარტიის სახელი, პარტიული ნომერი. ერთადერთი, რაც მეორე მხარის ლიდერს უნდა მოეტანა, იყო ის, რომ უნდა მოეხერხებინა შეთანხმება მის პარტნიორებთან პარიტეტთან დაკავშირებით და ეს მან ვერ შეძლო”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ