ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები

რაც შეეხება იმას, რომ გახარიამ ახალი პირობები წამოაყენა, რასაც ბრიფინგზე იმეორებდა, ეს არ არის სიმართლე – პირობაში არაფერი ახალი, შეუძლებელი ან დროში მოუსწრებელი არ იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მათი პირობები, მაინც და მაინც, არ იყო სამართლიანი.
„რაზეც დღეს გიორგი გახარიამ ისაუბრა, 3 ძირითად პუნქტზე, ახალი არ ყოფილა. მე მოვისმინე, რომ მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე მან თქვა, რომ ეს არის სამართლებრივად შეუძლებელიო, ესეც ასე არ არის.
პირველი, პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ ყოფილიყო ნეიტრალური პლატფორმა. როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო, ხაზარაძემ თქვა, რომ მილიონები მაქვს დახარჯულიო. საბოლოო ჯამში, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენს პარტიაზე გვეთქვა უარი.
მეორე, გადაწყვეტილებები ორ სუბიექტს შორის სამართლიანად უნდა იყოს განაწილებული, სამართლიანი პარიტეტი. და მესამე, რაც ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო – კოალიციის არ შექმნა არც „ქართულ ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირველ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ მალევე განვაცხადეთ თანხმობა, რადგან ხაზარაძეს მილიონები ჰქონდა დახარჯული. არაფერი ახალი, შეუძლებელი ან დროში მოუსწრებელი არ იყო ამ ყველაფერში. საბოლოო ჯამში 9-იანმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც არ იყო მათი პირობები სამართლიანი“,- განაცხადა ბუჩუკურმა.
ამასთან, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ მას არ მიაჩნია სწორი პროცესის ჩაშლა ლევან ცუცქირიძეს დაბრალდეს.
„არ მიმაჩნია სწორი, ლევან ცუცქირიძეზე გადაბრალება. „ლელო“ ცდილობს ლევანს გადააბრალოს მთელი ეს პროცესი. მე არ ვიცავ ცუცქირიძეს, უბრალოდ მგონია, რომ ეს სამართლიანი არ არის, რაც მეორე მხარემაც ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.