ანატოლი გიგაური – მოიყვანეს ვითომ დაზარალებული, რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა – სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში?

რაც გინდათ ის გიქნიათ, პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და გაშვებაც პოლიტიკური იქნება – იმიტაციას ქმნით, რომ იმედი ჩამისახოთ, რომ შემდეგ უფრო დიდი იმედგაცრუება გადავიტანო, – ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლოში საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა.
გიგაურის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს.
„მინდა ჩემი სიტყვა გამოვიყენო იმ გარემოებებთან დაკავშირებით თუ ვინ მოიყვანა მოწმეებად პროკურორმა. პირველი მოწმით რომ დავიწყოთ, მე მას ვკითხე თუ რას აკეთებდა, როდესაც ჩემი უფლებები ირღვეოდა, მან მიპასუხა, რომ „ეს მისი საქმე არ არის, მაგისთვის სხვა ორგანოები არსებობსო“
იტყუებიან, ამათი ნდობა არ შეიძლება.
ასევე, მოიყვანეს გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება და მერე თურმე მოვუყევი, როგორ დამიზიანდა, სად მივიღე, როგორ მივიღე დაზიანებები.
მეორე გამომძიებელი მოიყვანეს, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და თქვა, რომ კადრი, სადაც მე პოლიციელი ხელს მირტყამს, ვერ დაინახა.
მოიყვანეს ვითომ დაზარალებული, რომელმაც მაწამა, მუშტები თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნებით დაზარალებულია და ამის მერე უნდა თქვათ, რომ არსებობს სიტყვა სამართლიანობა და ის არის დაზარალებული? მე დამესხნენ თავს, მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყავართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე? სად არის სამართალი, ვნახოთ რა სამართალს გამოიტანთ. გაბუნია მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, კამერებთან შემომყავს და ის იგინება და დარტყმას ცდილობს, ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და მოვიშორე, სად ნახეთ თავდასხმა, რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი რისთვისაც. ვიბრძოლებ ბოლომდე.
მე ვიცი რატომაც გაიწელა პროცესი. იმიტაციას ქმნით, რომ იმედი ჩამისახოთ, რომ შემდეგ უფრო დიდი იმედგაცრუება გადავიტანო.
მე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ და იდეებით ვიბრძვი.
რაც გინდათ ის გიქნიათ, პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და გაშვებაც პოლიტიკური იქნება. აქ სამართლიანობასთან არაფერი კავშირში არ არის“, – განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..