ანარქო-კაპიტალისტი ბენზოხერხით -ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტი ხავიერ მილეი

2019 წელს იმ დროს ექსცენტრული ეკონომისტად ცნობილი ბუენოს აირესში გამართულ კოსფლეი კონგრესზე შავ-ყვითელ ელასტიკებში გამოწყობილი მივიდა. კონგრესის სხვა დამსწრეებისგან განსხვავებით, მილეის ალტერ-ეგო არა რომელიმე კომიქსის ან ფილმის პერსონაჟი, არამედ მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი – გენერალი ანკაპი (ანარქო კაპიტალისტი) იყო, ასევე მილიეს მიერ გამოგონილი ქვეყნის, ლიბერლენდის მმართველი – ქვეყნის სადაც გადასახადებს არავინ იხდის. გენერალი ანკაპის ფორმაში გამოწყობილი მილეი დამსწრეებს კეინსიანელებისა და კოლექტივისტების ‘გაპანღურებას’ დაჰპირდა.
აქედან 4 წლის შემდეგ ხავიერ მილეი რეალური ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მილეი ოფისს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დაიკავებს – არგენტინაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის 40 წლის იუბილეზე. თუ მილეი მართლაც დაიწყებს წინასაარჩევნო პროგრამის აღსრულებას, ეს შესაძლოა არგენტინის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისთვის ყველაზე დიდი შოკი გახდეს.
100 წლის წინ არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო, ბოლო ათწლეულებში კი ქვეყნის დასახელებამ პერმანენტული კრიზისის სინონიმური მნიშვნელობა შეიძინა. მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობების მონაცვლეობის მიუხედავად უცვლელია ეკონომიკური კრიზისი.
არგენტინის წლიური ინფლაცია 140%-ს აღემატება, რაც მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში მყოფ არგენტინელთა რიცხვი მოსახლეობის 40%-ს შეადგენს. ქვეყნის დავალიანება მსოფლიო სავალუტო ფონდის წინაშე 44 მილიარდ დოლარს აღემატება, ცენტრალური ბანკის რეზერვები უარყოფითია, არგენტინას არ შეუძლია ვალის გადახდა, საყოველთაოა კორუფცია, ისტორიულ მინიმუმზეა ნდობა ინსტიტუტების მიმართ, ამომრჩევლები კი იმედგაცრუებით გადაღლილები არიან.
საყოველთაო ფრუსტრაციამ მილეის სწრაფი პოლიტიკური აღმასვლისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა, რითაც ამ უკანასკნელმა ეფექტურად ისარგებლა. სხვა პოპულისტების მსგავსად მილეიმ პოლიტიკური კარიერა ანტი-ესტებლიშმენტურ სენტიმენტებზე თამაშით დაიწყო. მილეი ქვეყნის პოლიტიკური კლასს მშრომელი ხალხის ძარცვაში ადანაშაულებდა და სავარაუდოდ ეს ბრალდებები არ არის უსაფუძვლო. მილეის თქმით, ‘კასტა’ შედგება კორუმპირებული დეპუტატებისა და მათი ბიზნეს პარტნიორებისგან, აქ არიან პროფკავშირების ეგოცენტრული ლიდერები, მედიები, რომლებიც სახელმწიფო კონტრაქტებზე არიან დამოკიდებული.
ახალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ეროვნული ბანკის კრიტიკა იყო, რომელიც მილეის თქმით, ფულის უსასრულო ბეჭდვით მთავრობის საქმეს აკეთებს, რაც აუარესებს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის გაუქმების, ან თვითონ როგორც ამბობს ‘აფეთქებისა’, სამინისტროების რაოდენობის მკვეთრი შემცირების გარდა, მილეი ამომრჩევლებს მთავრობის ხარჯვის მშპ-ს 18%-ით შემცირებასა და გაუფასურებული პესოს ნაცვლად ეროვნულ ვალუტად ამერიკული დოლარის შემოღებას ჰპირდება.
მილეის იდეები არგენტინის მოსახლეობაში უკიდურესად პოპულარული აღმოჩნდა, რამაც ქვეყნის პოლიტიკური დისკურსი თავდაყირა დააყენა. ახალი პოლიტიკური დისკურსის ნაწილი გახდა ხავიერ მილეის პირადი ცხოვრებაც. სატელევიზიო გამოსვლებში მილეი თავს სექს გურუდ ახასიათებს, რომელსაც “ყოფილმა პარტნიორებმა მეტსახელად ანცი ბუღა” შეარქვეს.” ბოლო თვეებში, მილეიმ საზოგადოებას წარუდგინა მისი უკვე მკვდარი ინგლისური მასტიფის 4 კლონი. მილეისთვის არც მშობლებთან დაძაბულ ურთიერთობების ინტიმურ დეტალებზე პირდაპირ ეთერში საუბარია უცხო.

ვრცლად realpolitika.ge

ასევე დაგაინტერესებთ