ანალიტიკოსები ხსნიან, რას უქადის საქართველოს რუსული პორტი ოჩამჩირეში

ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს, მიიჩნევს ლონდონის კინგს კოლეჯის კონფლიქტებისა და უსაფრთხოების პროფესორი ჯეისი ტრემანი.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] თხოვნით დაწერილ მოსაზრებაში, იგი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ასევე ზრდის საქართველოსთვის „ომში ჩათრევის რისკს“.
„სევასტოპოლის ბაზის მოწყვლადობიდან გამომდინარე, მოსკოვი შავი ზღვის ფლოტის სხვა ლოკაციაზე გადატანას ცდილობს (ს შავი ზღვის პორტის – ნოვოროსისკის მსგავსად). რუსული ფლოტის ნაწილის ოჩამჩირეში გადასროლა საქართველოსთვის ომში „ჩათრევის“ რისკებს შეიცავს – კიევმა უკვე განაცხადა, რომ დაგეგმილი საზღვაო ბაზა შესაძლოა უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდეს. საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ოჩამჩირეში ახალი რუსული ბაზის გახსნის პოტენციური შედეგები სრული სერიოზულობით იყოს აღქმული ისეთი საერთაშორისო აქტორების მიერ, როგორიცაა ნატო და ეუთო.“, – წერს იგი.
ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, GIP-ის კითხვების საპასუხოდ ასევე საუბრობს „ომში ჩათრევის რისკებზე“ და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მოლოდინებს ბოლო მოეღო.
„ეს ბოლოს მოუღებს საქართველოს ხელისუფლების გულუბრყვილო მოლოდინებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ნეიტრალური პოზიცია ქართულ სახელმწიფოს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. აღნიშნული ნაბიჯით ცხადი გახდა, რომ მოსკოვი არ აპირებს თბილისის დაჯილდოებას საერთაშორისო სანქციებთან მიერთებისგან თავშეკავებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამო. კრემლის აღქმით, აღნიშნულ ჟესტებს მცირე გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს რუსულ სამხედრო ინტერესებთან შედარებით. მეორე, ოჩამჩირეში ახალი ბაზის გახსნა საქართველოსთვის ომთან მეტად მიახლოებას ნიშნავს და განხორციელების შემთხვევაში, შავი ზღვის ნებისმიერ სახელმწიფოს ომის შედეგებისგან დისტანცირების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული ნაბიჯით რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისი საზღვაო ფლოტის მნიშვნელოვანი ელემენტები შემოაქვს, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს, მათ შორის, ქვეყნის დასავლელი მოკავშირეების თანხმობით. ბუნებრივია, ამ ორი პუნქტიდან არც ერთი არ ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, ორივე მათგანი ახალ წინაპირობებს ქმნის მომავალში რუსეთის მიერ ს პირდაპირი ანექსიისთვის, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების მსგავსად“, – აცხადებს იგი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, თორნიკე თურმანიძე ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია საბრძოლო მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცობაც.
„აღნიშნული ნაბიჯი, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების საშუალებას მისცემს, რაც ოჩამჩირის საზღვაო ბაზას უკრაინული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. მსგავსი ტიპის ქმედება საფრთხეს უქმნის აფხაზეთის მოსახლეობის, მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, პოტენციურად, კონფლიქტი შესაძლოა ახლომდებარე სამეგრელოს რეგიონშიც გავრცელდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო ვაჭრობას ს პორტის გამოყენებით და შეაფერხებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ამრიგად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებით სამხედრო და ეკონომიკურ საფრთხეებს ქმნის და შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს“, – წერს იგი.