მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს: უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად – ჩვენ ერთად უნდა დავადგეთ ამ გზას, რათა ევროპაში მშვიდობა დაბრუნდეს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა POLITICO-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და ტრამპმა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაც დააანონსა.
POLITICO-ს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეც ესაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, მისი თქმით, წარმატებული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა რუსეთის ბრძოლის ველზე დასუსტება, რადგან რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულონ.
„რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება მშვიდობისკენ მიმავალი გზაა. უკრაინის სიძლიერეში ინვესტიცია მშვიდობაში ინვესტიციაა. რუსეთის დასუსტება კი მშვიდობაში ინვესტიციაა. სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება ამაში მნიშვნელოვანი ელემენტია“, – აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონი საუბარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა : ”ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა. უკრაინამ, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ერთად.”
