ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს – ლევან დავითაშვილი

„ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომდევნო წლებში კიდევ მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა. მისი თქმით, 2023 წელს სა და ს საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701 442 TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU)
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო – ლოგისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები. მისი თქმით, ფინალურ ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. მისი თქმით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ დოლარს გაუტოლდება.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ასევე დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს