ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.
„რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.
ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც წარმართავს შესაბამის პროცესებს, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას და კომპანიის წარმომადგენელ იან დე ნულს, მადლობა კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს