ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!
როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც აღვნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის განმარტავს, ანაკლიის პროექტი არის მკაფიო სიგნალი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ შეთავაზება გლობალური ინვესტორებისთვის.
ცუცქირიძის განცხადებით, კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის გაჩერებით ვითომდა რუსული ფაქტორის გამო. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ჩანს, რომ პირველ რიგში აშშ იყო დაინტერესებული პროექტის შეჩერებით, რათა უშუალო კონკურენტისთვის – ჩინეთისთვის არ გაეხსნა ევროპისკენ ალტერნატიული სავაჭრო გზა.
“როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც აღვნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა. მიმაჩნია, რომ მისი მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით არის გაზრდილი იმ პერიოდთან შედარებითაც კი როდესაც სამი წლის წინ პროექტი შეჩერდა “ანაკლიის კონსორციუმის” მხრიდან საინვესტიციო წინადადების ვერ თუ არ შესრულების გამო.
ეს არის მეტად მკაფიო სიგნალი არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური შეთავაზება, გლობალური ინვესტორებისთვის, რადგან ტრანსციმბირული დერეფნის ფაქტობრივად გაჩერების გამო, საქართველო განიხილება ყველაზე მოკლე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილურ დამაკავშირებელ შუა დერეფნად აზიასა და ევროპას შორის.
რამდენიმე დღის წინ ჩინური სახმელეთო გადამზიდავი ტრაილერებით დატვირთული ტვირთის საქართველოში შემოსვლაც ალბათ სიმბოლური იყო, რომ ტენდერს საბოლოოდ ჩინური კონსორციუმი მოიგებდა. არც ჩინეთის პრემიერის წარმატებული ვიზიტი ყოფილა შემთხვევითი ევროპაში, ხოლო პირველი ქვეყანა ვისთანაც 20-მდე სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთი იყო, რითაც დასრულდა კიდეც სავაჭრო შეზღუდვები ორ ქვეყანას შორის, რაც ვაშინგტონის ზეწოლის შედეგიც იყო.
კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის გაჩერებით ვითომდა რუსული ფაქტორის გამო. რეალურად პროექტი შეჩერდა რადგან ანაკლიის კონსორციუმის ამერიკულმა მხარემ, კერძოდ “კონტი ჯგუფმა” უარი განაცხადა ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულებაზე და ბოლოს სულაც გავიდა კონსორციუმიდან. ისიც გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ თუ პორტი არ დაიტვირთებოდა ჩინური საქონლით, მისი რენტაბელობა ეჭვქვეშ დადგებოდა, ამიტომაც ითხოვდნენ საერთაშორისო ბანკები კონსორციუმისაგან 400 მილიონამდე კრედიტის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო გარანტიებს, და ეს მაშინ როდესაც ტენდერის მოგებისას ეს წინაპირობა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში.
დღევანდელი გადმოსახედიდან ისე მოჩანს, რომ პირველ რიგში აშშ იყო დაინტერესებული ამ პროექტის ტორპედირებით და დროში გადაწევით, რათა ჩინურ კონსორციუმს არ მოეგო ტენდერი. ცნობისათვის, მაშინაც ტენდერში ერთ-ერთი ჩინური კონსორციუმი მონაწილეობდა. გვახსოვს ბატონი ხაზარაძის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმს წარმოადგენდა გაუთავებელი სპეკულაციები ამ თემაზე, თითქოსდა ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებდა პროექტს, რათა ნატოს გემები არ შემოეშვა შავ ზღვაში!
ესეც იყო სრული ბლეფი, რადგან ნატო ჯერ კიდევ მაშინ უბრალოდ ამას ვერ გააკეთებდა რუსეთთან შესაძლო კონფრონტაციის გამო, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ!
აშშ-ის ინტერესი კი წმინდა გეოსტრატეგიული იყო და დღესაც რჩება, არ გაეხსნა მისი უშუალო კონკურენტი ჩინეთისათვის კიდევ ერთი ალტერნატიული სავაჭრო არტერია ევროპისაკენ, ბოლო ორი -სამი თვის საპროტესტო გამოსვლები “გამჭვირვალობის კანონის” ირგვლივ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი და ნაკლებად მის რუსულ შეფერილობაში!
არც ის იყო შემთხვევითი, რომ პირველი ზეწოლაც საქართველოს ხელისუფლებაზე ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებისთანავე დაიწყო. ეს არის ჩემი შეფასებით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მკვებავი წყაროც, მოსალოდნელი სანქციებით შანტაჟიც ამ პოლიტიკის ნაწილია.
ანაკლიის პროექტი კი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!
ყველაფერი კარგად იქნება!
ყველა ქვეყანა საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამოდის!” – წერს გიორგი ცუცქირიძე.
Previous: გამჟღავნდა ის ყველაფერი, თუ რისთვისაც იყვნენ გამოფენილი ქუჩაში ლომჯარია-გიგაურის ფინიები