ანაკლიის პორტის მშენებლობა დაჩქარდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ნავსადგური პირველ გემს 2028 წელს მიიღებდა, თუმცა თარიღმა გადმოიწია და შესაძლებელია ეს 2027 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ასეთი მოლოდინი აქვს ეკონომიკის მინისტრს. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია, რომ ანაკლიის პორტმა პირველი გემის მიღება მართლაც ორ წელიწადნახევარში შეძლოს იმ მასშტაბური სამუშაოების გათვალისწინებით, რაც პორტს და მის ინფრასტრუქტურას სჭირდება.
უკვე წლებია ანაკიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს და საკითხი ბოლომდე ვერაფრით ვერ მივიდა. ამჯერად მთავრობისგან დაბეჯითებით ითქვა, რომ პორტი აუცილებლად აშენდება და პირველი გემების მიღებას არათუ აქამდე გაცხადებულ 2028 წელს შეძლებს, არამედ უფრო ადრეც კი – 2027 წლის ბოლოს.
„ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს – ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად გვექნება ბევრად ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს. ინვესტორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი კომპანია, რომელიც კომპლექსურ ეკოსისტემას ანაკლიის პორტის გარშემო ჩვენთან ერთად განავითარებს.
ჩვენ შარშან დავიწყეთ აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დღეს მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა და გვაქვს სრული წინაპირობა, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ. ყველა იურიდიული პროცესი, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული, დასრულების ფაზაშია.
ანაკლიაში სწრაფი ტემპებით ვმუშაობთ, რომ ის ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა, რაც გვაქვს, მალე აღმოვფხვრათ. მას შემდეგ, ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენს დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნავსადგურში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, პორტმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს. პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა განვითარდეს ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
ანალიტიკოსების ნაწილს მთავრობის დანაპირების შესრულების იმედი აქვს. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ პროექტი საბოლოოდ შედგება.
“ნებისმიერი პორტის წარმატება დაკავშირებულია ტვირთბრუნვასთან. თუ ტვირთბრუნვა არ იქნა, მაშინ შეიქმნება პრობლემა. დღეს სიტუაცია ცოტათი შეცვლილია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფანი და ლოგისტიკური ხაზი, იძენს კიდევ უფრო მეტ დატვირთვას. აქ ვგულისხმობ იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც დღეს არის შექმნილი. თუნდაც ქვეყნებს შორის სავაჭრო-სატარიფო ომს, ჩინეთსა და ამერიკას შორის დაძაბულობას, ამის საპირისპიროდ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დაახლოებას და ა.შ.
აზიიდან ევროკავშირისკენ მიმავალ მარშრუტებზე ერთ-ერთი მთავარი გზა არის საქართველოზე გამავალი, რასაც შუა დერეფას ვეძახით. აქედან გამომდინარე, თუ შუა დერეფანში დატვირთვა გაიზრდება, მაშინ, ბუნებრივია, რომ პორტებშიც იგივე მოხდება. ჩვენ გვაქვს ორი ნავსადგური – ფოთი და ბათუმი, მაგრამ თუ გაიზარდა დატვირთვა, ეს პორტები ვეღარ აუვა. ამიტომ გვჭირდება და ყოველთვის გვჭირდებოდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც უფრო დიდ სავაჭრო გემებს მიიღებს. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პორტის ამოქმედებას.
მხოლოდ ჩინეთსა და ევროკავშირზე არ არის საუბარი, ძალიან დიდი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ირანის ან სომხეთის გავლით საქართველოში შემომავალ ინდურ ტვირთებს. მოგეხსენებათ, ინდოეთი მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. ყველა ეს მარშრუტი იქნება ძალიან პერსპექტიული და დიდი მომავლის მქონე.
დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პროექტი გაეშვება. პროექტი ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც მოითხოვს, რომლის განვითარება პირდაპირ ეკონომიკის სავაჭრო ბრუნვაზე აისახება. არსებობს სხვადასხვა გათვლა, რომ მსხვილი პროექტი ყოველთვის აჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას. ბუნებრივია, ეს ინტერესი ხელისუფლებასაც ესმის და პროექტი, თავისი მნიშვნელობით შეიძლება გახდეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ფლაგმანი”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
გასხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტთა მეორე ნაწილს. როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი “ქართული ოცნების” მმართველობის და მიდგომების პირობებში პორტის იდეას ეჭვქვეშ აყენებს.
“საჯარო ინფორმაცია პორტის განვითარებასთან დაკავშირებით არ მინახავს. რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ ვითარდება პორტის მშენებლობა, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. კვარტალში ერთხელ ეკონომიკის მინისტრი გამოდის და რაღაც აბსტრაქტულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას გვაწვდის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მე საერთოდ ეჭვქვეშ ვეყენებ იმას, რომ პორტის იდეა შეიძლება განხორციელდეს ამ მთავრობისა და ასეთი მიდგომების პირობებში.
მეორე საკითხია, გემების მიღება როდის მოხდება და ა.შ. პირდაპირ გეუბნებით, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში, არამედ ამ მოცემულობით, რაც დღესდღეობით საჯაროა, პორტის განვითარების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ”, – ამბობს პაატა ბაირახტარი.
წყარო: “რეზონანსი”
