„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს 2018 წლიდან აკვირდება. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელ დასავლური კომპანიების კონსორციუმს კონტრაქტი შეუწყვიტა. მიმდინარე წლის 29 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია. ანაკლიის პორტის 51% საქართველოს მთავრობის საკუთრებაში დარჩება, ხოლო 49%-იანი წილის მფლობელი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი იქნება.
პორტის მშენებლობისთვის შერჩეული კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) და China Harbour Investment Pte. Ltd, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული, მაგრამ იმავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის შვილობილია. ასევე, კონსორციუმის ქვეკონტრაქტორები არიან China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co.
2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო. ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.
CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე და ოპერირებაზე, მათ შორის პორტების, აეროპორტების და ა.შ. CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია აშშ-ის OFAC-ის სიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო მოხვდა. აშშ-ის შეფასებით, კუნძულების მშენებლობით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა.
CCCC რამდენიმეჯერ იყო მხილებული კორუფციულ ფაქტებში:
· 2009 წელს ფილიპინების მთავრობის გამოცხადებულ ტენდერში თაღლითობის ფაქტების აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს რვა წლით აუკრძალა მის პროექტებში მონაწილეობა;
· 2009 წელს ეკვატორულ გვინეაში CCCC-ს შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის პრეზიდენტის შვილს 19 მლნ დოლარის ქრთამი გადაუხადა ტენდერში დახმარების სანაცვლოდ;
· 2014 წელს ეკვადორში CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრი ააშენა. აშენებიდან რამდენიმე წელში შენობის 80%-ზე მეტი უსარგებლო აღმოჩნდა უხარისხოდ მშენებლობის გამო;
· 2018 წელს ბანგლადეშის მთავრობამ CCCC-ის შვილობილ კომპანიას China Harbor Engineering Company-ს ბანგლადეშში საქმიანობა აუკრძალა საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობის გამო;
· 2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC-ის სარკინიგზო პროექტი. მიზეზი აქაც კორუფცია იყო.
CCCC-ის შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტშიც არის ჩართული, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დააფინანსა. 2021 წლის ნოემბრიდან China Road and Bridge Corporation წნორის შემოვლით გზას აშენებს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2020 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია CCCC-თან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის საქმიანობა განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობით, შრომის უფლებების დარღვევით, გარემოს დაზიანებით და არამდგრადი დავალიანებით გამოირჩევა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მიმდინარე წლის 1 ივნისს. მან დამატებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას”.
„რუსული კანონის“ მიღების პარალელურად, ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა. ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური განზომილება აქვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, რაც ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს. მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეპრესიებს ახორციელებს. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში კორუფციული რისკების კონტროლის და პრევენციის აუცილებელი ინსტიტუტია.