ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინურმა კონსორციუმმა — China Communications construction company Ltd, China harbour investment-თან ერთად — შეირჩა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან (შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული), 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.
„უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამოვავლენთ გამარჯვებულს უახლოეს რამდენიმე დღეში“, — განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ჩინური კონსორციუმის მიერ წარმოდგენილია სრულყოფილი წინადადება და შესაბამისი საბანკო გარანტიები.
„აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად და დავიწყებთ მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არაერთ ადამიანს დაასაქმებს“, — განაცხადა დავითაშვილმა.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.
2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ.
მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე- ასევე ჩინეთიდან.
თუმცა გასულ წელს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე განცხადა, ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხოციელებით, მათ შორის ანაკლიის პორტით. თუმცა, თუ მთავრობის ინფორმაციას დავეყრნობით, მათ შესაბამისად, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მათ ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით არ გამოუხატავთ.
კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.