ანაკლიის განვითარების სააგენტო 2.8 მლნ ლარის საკონსულტაციო სერვისებს შეიძენს

დღეს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც სააგენტო 2024 წელს 2.8 მლნ ლარის საკონსულტაციო სერვისებს შეიძენს.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო იურიდიული, ფინანსური და ტექნიკური სერვისების შესყიდვას განახორციელებს ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა: White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. Squire Patton Boggs და ა.შ.
„ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა,დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. Squire Patton Boggs ა ა.შ.), რომლებიც სრულად არიან ჩართულნი პროექტში, იცნობენ პროექტის ყველა დეტალს და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნულ/ასეთ კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშრისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ გარანტიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის პროექტების განსახორციელებლად.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული მომსახურებების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს პროექტის განხორციელება და უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალური იურიდიული, საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს პროექტთან დაკავშირებული შესაძლო სამართლებრივი, ეკონომიკური თუ სხვა სახის რისკების მინიმიზაციას და სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენასა და დაცვას,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.