“ანაგს” ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს, კომპანია ₾260 022 ლარს გადაიხდის

“ქართული ოცნების” მთავრობამ შპს “ანაგი” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გაათავისუფლა, რისთვისაც სამშენებლო კომპანია ბიუჯეტში 260 022 ლარს გადაიხდის.

შესაბამისად, მთავრობის 7 თებერვლის განკარგულებით, კომპანიას უფლება მიეცა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში 199 350 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვოს. გადაწყვეტილება დასაბუთებულია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მოტივით.

ამასთან, განკარგულების თანახმად, შპს “ანაგს” ეკისრება ვალდებულებებიც, კერძოდ:

ა) კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით (2024 წლის დეკემბერი), სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 26 დეკემბრის No17/4805 და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 21 დეკემბრის No5/73040 წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 260 022 ლარი.

კომპანიის მიერ პირობების შესრულების ზედამხედველობა სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ეკისრება. ამას გარდა, წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირაში, კომპანიამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობის შესახებ.

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 1989 წელს დაარსდა. კომპანია კერძო სექტორის სამშენებლო პროექტების განხორციელებასთან ერთად დაკავებულია სახელმწიფო კონტრაქტების შესრულებითაც და არაერთი ტენდერის გამარჯვებულია. მათ შორის, თბილისში, მახათას მთაზე ახალ ჯარის ქალაქს, 144 მლნ ლარად, “ანაგი” ააშენებს. კომპანიამ შესაბამის ტენდერში გასული წლის ბოლოს გაიმარჯვა. ამასთან, კომპანია თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პოლიციის ქალაქის მშენებლობითაც არის დაკავებული, რომელიც 1 100 ბინაზე გათვლილი ახალი უბნის მშენებლობას მოიცავს. პროექტის ღირებულება 125 მილიონი ლარია. “ანაგი” ასევე აშენებს თბილისში დევნილებისთვის გათვლილ 244-მილიონიან საცხოვრებელ უბანს, რომელიც 2 400 ბინაზე არის გათვლილი და ქუთაისსა და ზუგდიდში 2 420 ბინაზე გათვლილ საცხოვრებელ უბნებს რომლის ღირებულებაც 268 მილიონი ლარია. ამასთან, კომპანიამ 2024 წელს გაიმარჯვა ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის 54 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, ხოლო 2023 წელს კი ბათუმში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის 78 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში. ამას გარდა, “ოცნების ქალაქის” პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები 109.6 მლნ ლარად სწორედ კომპანია “ანაგმა” უნდა შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 8 თებერვალს ბათუმში სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიებაც გაიმართა, რომელსაც ირაკლი ესწრებოდა. როგორც მან თქვა, აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას.

შპს “ანაგის” გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილია. მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ანაგის“ ერთადერთი აქციონერი, ანუ 100%-იანი წლის მფლობელი ნანა აროშიძეა, ხოლო კომპანიის ფაქტობრივი მაკონტროლებელი (წილის მმართველი) ზაზა გოგოტიშვილი.