ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტია – „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) – პასუხობს საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად მიმართავს მათ, გაემიჯნონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალეკო ელისაშვილს.
„რა თქმა უნდა, ლიბერალ-დემოკრატების პარტია არ ამართლებს ამ ქმედებებს, ეს თავისთავად ცხადია.
ისევე როგორც ჩვენ არასდროს ვამართლებდით ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ“, – წერია სოციალურ ქსელ X-ში ALDE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პოლიციამ 29 ნოემბერს, დილის საათებში თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სისხლის სამართლის წესით დააკავა.
პროკურატურის ვერსიით, „ნიღბიანმა“ პოლიტიკოსმა ცეცხლის წაკიდების მიზნით, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და ასე შეაღწია შიდა სივრცეში. მას ბრალი „ტერორიზმის აქტის მცდელობისთვის“ წაუყენეს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
9 დეკემბერს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ და „ალდეს “ მხრიდან რეაქცია არ არის“:
„შეგვიძლია დღეიდან ფაქტად მივიღოთ, რომ „ალდე“ არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება. „ალდეს“ ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი. ორი ევროკომისარი, რომლებიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებული და მათ აბარიათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები არიან, რომელთა თანამებრძოლი ტერორისტია“.
ფორუმი




