ამ ფონდების მიზანი სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ – მდინარაძე – Netgazeti • მამუკა მდინარაძე • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, „სახელმწიფოს გაუქმების მცდელობას“ უწოდებს საქველმოქმედო ფონდების მიერ ადამიანებისთვის ჯარიმის თანხების გადახდას.
მისი თქმით, მსგავსი ფონდები დანაშაულის წაქეზების ფორმაა.
„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისათვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა, შეიძლება უფრო მეტიც. ჩვეულებრივი დანაშაულის წამქეზებლობის ფორმაა, როდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა და ამ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით.
ყველანაირი სახდელი და სასჯელი სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია და გამორიცხვა მოხდეს ამ რაღაც დანაშაულებრივი თუ ადამინისტრაციული გადაცდომის. ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, ვინც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ფონდები, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაზარალებულებს ეხმარებოდა, საბოტაჟის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს.
პროკურატურა ირწმუნება, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა და მარშებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ხოლო საქველმოქმედო ფონდები „ახალისებენ“ მოძალადეებს.
პროკურატურის თანახმად, სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები:
· „ნანუკას ფონდი“
· „ფროსფერითი“
· „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“
· „სირცხვილია“
· „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“
პროკურატურის ინფორმაციით, მითითებული პირებს 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯული აქვთ 2 000 000 ლარზე მეტი.
საქართველოს პროკურატურაში 8 თებერვალს დაიწყო გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებაზე“, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.
· პროკურატურა ადასტურებს, რომ ფონდები მიმდინარე პროტესტის გამო დააყადაღა