FMCG ბაზარზე ორგანიზებული ვაჭრობის წილი იზრდება. 2023 წელს ქსელური მაღაზიების წილი 36% იყო, 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი “თიბისი კაპიტალის” კვლევის მიხედვით 45%-მდე აიწევს. საინვესტიციო ბანკის ავტორთა შეფასებით, ზრდა არაორგანიზებული ვაჭრობის შემცირების ხარჯზე ხდება, რაც გარდაუვალი პროცესია.
რითეილ ექსპერტი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია bewise georgia-ს თანადამფუძნებელი საუბრობს იმ რისკებზე, რამაც შესაძლოა კომპანიების საინვესტიციო გეგმები გაფართოებასთან დაკავშირებით დაამუხრუჭოს. ია ნადირაშვილის გვიხსნის, რომ არასტაბილური პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა მომხმარებელმა ფინანსების დაზოგვა დაიწყოს და საშუალო ჩეკის ღირებულება შემცირდეს, რაც კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითად აისახება.
“კალათაში პროდუქტების გადანაცვლება ხდება, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხდება აქცენტი, რაზე რითეილერებს აქვთ დაბალი მარჟა, ვიდრე სხვა დამატებით პროდუქტებზე შესაბამისად, პირდაპირი სურათი გვაჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა რითეილერების მოგებიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს. აქ გვხვდება ის მოცემულობა, რომ დღეს გასულ 9 თვესთან მიმართებით მოგებიანობა 5-დან 3.8%-მდე ისედაც შემცირებულია. ამ სიტუაციას თუ დაემატა, რომ ამონაგები შეუმცირდათ, მათი მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება.
შესაძლოა, მოლოდინები იყოს, რომ მსგავსი სიტუაციიდან განვითარების ინტენსივობა შემცირდეს. გადაიხედოს სტრატეგიები და ძირითადად მათი ორიენტირი იყოს საოპერაციო ეფექტიანობა, ოპერაციების მდგრადობა, სიტუაციის დასტაბილურება, ხარჯების შემცირება და ასეთ პარამეტრებზე უფრო მეტად გაკეთდეს აქცენტი მოკლე ვადიან პერიოდში, ვიდრე განვითარების გეგმებზე,”- ამბობს რითეილ ექსპერტი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Bewise georgia-ს თანადამფუძნებელი ია ნადირაშვილი.
ცნობისთვის, ქსელური მარკეტების წილი FMCG ბაზარზე იზრდება, თიბისი კაპიტალის პროგნოზით ორგანიზებული ბაზრის წილი 2024 წელს 41%-ს მიაღწევს, ხოლო 2025 წლისთვის 45%-მდე გაიზრდება. ამ დრომდე ბაზრის ნახევარზე მეტი მოდის ისეთ რიტეილერებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქსელურ მაღაზიებს, თუმცა მათი საბაზრო წილი მცირდება, ხოლო ქსელური მარკეტების წილი მთლიან ბაზარზე იმატებს. TBC Capital-ის მიხედვით, ბაზრის ორგანიზებული მოთამაშეების წილები ძირითადად რეგიონული ექსპანსიის ხარჯზე იზრდება, სადაც ამ დრომდე არ იყვნენ ქსელური სუპერმარკეტები ფართოდ წარმოდგენილი.