,,ამ სივრცის დადებითი საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები” – ,,კაფე მზიურის” გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა

,,კაფე მზიურის” გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა. ავტორები “მზიურის” ყველა გულშემატკივარს სთხოვენ, შეუერთდნენ ხელმოწერებს და შეინარჩუნონ კაფე. მათი შეფასებით, “ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები”.
,,2016 წლიდან დღემდე, კაფეს ორგანიზებული აქვს 800-ზე მეტი საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიება. დღეს “მზიური” ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სივრცეა, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი. იგი ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპებით, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალური მიზნის მქონე პროექტებში.
კაფე “მზიური” ჰყვება ინკლუზიური გარემოს შექმნის წარმატების ისტორიას, რომელიც სამაგალითოა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ პერიოდის განმავლობაში ააიპ “მზიანის” გუნდმა შეძლო, გადაელახა სოციალური საწარმოს მართვის არაერთი გამოწვევა, მოეპოვებინა ნდობა და დადებითი რეპუტაცია ფართო საზოგადოებაში და დღემდე პირნათლად ასრულებს მის მისიას. ფართო საზოგადოებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია “მზიანის” ეფექტური საქმიანობა, რასაც მოწმობს კიდეც ორგანიზაციის მიერ მომზადებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნები. არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ გაწყდეს დაწყებული თანამშრომლობა”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში

ასევე დაგაინტერესებთ