ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების 2 ფაქტი გვქონდა, „კოვიდით“ გარდაცვალება არ გვქონია – თენგიზ ცერცვაძე

ბოლო პერიოდში რესპირატორული ვირუსების მატება აღინიშნება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. საქართველო არ არის გამონაკლისი. ეს მატება მოსალოდნელი იყო. არ არის არავითარი საგანგაშო და საპანიკო მდგომარეობა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, გადაჭარბებულია ემოციები, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის.
„საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით „კოვიდის“ სამ წელს. მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, „კოვიდის“ პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი“, – განაცხადა ცერცვაძემ.