სტუმარმასპინძლობის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც ხელს სექტორის წარმომადგენლები აწერენ.
“ვუერთდებით ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს, რადგან გვსურს საქართველო ევროპაში და გვჯერა, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი რეჟიმთან თანამშრომლობით ვერ მიიღწევა. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ არჩევნებს!”, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
ხელმომწერებს შორისაა გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თამარ სიხარულიძეც, რომლის თქმითაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა გზა უნდა გამოინახოს ქვეყნის გადასარჩენად.
„იმ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ქვეყანა იმყოფება და რა კანონებსაც იღებენ, წარმოუდგენელია, ნორმალურმა ადამიანმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს სპონტანური განცხადებაა, კიდევ შემოგვიერთდებიან ადამიანები, ვინაიდან ძალიან დიდია მათი რიცხვი, ვინც ამას დაუჭერს მხარს“, – განაცხადა თამარ სიხარულიძემ bm.ge-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არჩევნების ბოიკოტის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ რესტორატორები მერიკო გუბელაძე, ქეთი ბაქრაძე, ლუკა ნაჭყებია და სხვა. ასევე, ავიაციის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი, სასტუმრო Step Inn თანადამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი და სხვა.
