“ამ მომენტში გაჩერებულია ტექნიკა, ხდება იდენტიფიცირება მონაკვეთების” – როდის აღდგება სრულად წყლის მოწოდება?

“ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერში” ამბობენ, რომ დაზიანებულ მილსადენზე სამუშაოები გრძელდება და 6 ერთეული ტერასა უკვე გრუნტზე მოწყობილია.
“გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ 6 ერთეული ტერასა უკვე გრუნტზე მოწყობილია. ამ მომენტში გაჩერებულია ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობით ხდება იდენტიფიცირება ზუსტი მონაკვეთების, სადაც ჩვენი მილსადენი მდებარეობს. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჩვენ გუშინ დავაანონსეთ, რომ ამისთვის საჭიროა 7 კალენდარული დღე, რაც ძალაში რჩება და რაიმე გადახრას ჯერ, ან გართულებას ადგილი არ აქვს” ამბობს GWP-ის წარმომადგენელი.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება:
“მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებლი მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება მოხდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში
შეგახსენებთ, თბილისის ნაწილი უკვე 4 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.
წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც მილსადენი დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ