„ამ კანონით დასავლეთთან ურთიერთობას ვიფუჭებთ“ – ინტერვიუ ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძესთან

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ დღეს, საქართველოს ბედი ში წყდება. ამის შესახებ მან BMG-ის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური პროტესტის და მმართველი ძალის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, „რუსული კანონის“ მიღების მეორე მცდელობა, „ქართული ოცნებისთვისაც“ წაგებიანია, ამიტომ პაატა ტრაპაიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს დავალება სგან აქვს მიღებული. ბიზნესმენს ქვეყანაში დაძაბული პროცესების განმუხტვის გზად და გამოსავლად „რუსული კანონის“ მიღების არჩევნებამდე გადადება მიაჩნია.
– ხელისუფლება უკან არ იხევს და „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით მიღებას მაინც ცდილობს, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხის პროტესტისა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაყრუვდა ხელისუფლება?
– გაიხსენეთ ჩვენი ქართული ზღაპრები – „ცხრა მთას იქით წავიდა“… ჩვენი ბედი არასდროს წყდებოდა თბილისში. ჩვენი ბედი ყოველთვის წყდებოდა ცხრა მთას იქით. ეს ისტორიაა. თავიდანვე მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ჩვენი ბედი წყდება უკრაინაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ ვიცით; ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. რუსეთი მანამდე არ დაგვანანებებს თავს, რაც არ უნდა ვაკეთოთ, სანამ ეცლება. ბევრს ჰგონია და ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენ დავანგრიეთო, მაგრამ არაა ასე – მე საბჭოთა კავშირშიც მიცხოვრია და ვიცი. უბრალოდ, რუსეთმა ჩვენთვის მოიცალა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სახელმწიფოს სათავეში – ივანე, პეტრე თუ პაატა. დღეს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ითხოვენ ამას და ესენი ასრულებენ. დავუშვათ, არ შეასრულონ, რა მოხდება?!
– ისევ ომი?
– რაც მოხდა უკრაინაში და განა იმიტომ, რომ „ომი გვინდა“?! ეს პროპაგანდაა ჩვეულებრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ მომხრე, გავიფუჭოთ ურთიერთობა დასავლეთთან. ამ კანონით კი, ჩვენ ვიფუჭებთ ურთიერთობას დასავლეთთან.
– თქვენი აზრით, ხელისუფლებას დღეს სხვა გამოსავალი არ აქვს?
– თქვენი თავი დააყენეთ მმართველი ძალის ადგილას, თუ გნებავთ, იმ განსწავლული კაცის ადგილას – თუ ისინი იქიდან თხოვენ ამას, მან ყველზე კარგად იცის, რა საშუალებებით დაამთავრებს თუ ბრძანებას არ შეასრულებს. მოდით, ცოტა ღრმად შევიდეთ საკითხის განხილვაში – იმ დღეს, რუსთაველზე აქციაზე ვიყავი იმ არაჩვეულებრივი, გულანთებული ახალგაზრდების გამო, რომელთა ენერგია სპეცრაზმთან და პოლიციელებთან შებმაში იხარჯება. ძალიან ცუდია, რაც დღეს ხება.
– მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მობრუნების ლოგიკას მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისგან დავალებაში ხედავთ?
– რა თქმა უნდა. ეს ხომ წამგებიანია მათთვის?! მაგრამ იქნებ სხვა გამოსავალი არ აქვს , თორემ დანარჩენი არავინ არაფრის მაქნისია – ისინი ასრულებენ ერთადერთი კაცის დავალებას. სხვათაშორის ამერიკელებმა კვლევები ჩაატარეს – რამხელა განსხვავებაა კონფრონტაციასა და თანამშრომლობას შორის დანახარჯებში და საერთოდ, არცერთ კონფრონტაციას არცერთი მხარისთვის არ მოაქვს პლუსი. იქნებ ვიპოვოთ სერთო – გასაგებია, რომ რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები იდგნენ რუსთაველზე, მაგრამ ისინიც ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან?! უამრავი ახალგაზრდა დგას რუსთაველის გამზირზე… ერთხელ უკვე გვქონდა და მეორედაც ხომ არ გვინდა სამოქალაქო ომი?!
– ანუ მმართველი პარტია უფრო უნდა შეგვეცოდოს, ვიდრე გავბრაზდეთ? და გამოსავალი რაშია?
მე ხელისუფლების მომხრე არ ვარ. ყველაზე მეტი გამჭვირვალობა დღეს ხელისუფლებას სჭირდება; დღეს კორუფცია ჭამს ქვეყანას და არა – რუსული კანონი. ჩვენ უნდა მოვიგოთ დრო… ცოტა ვიეშმაკოთ… თან ამის პროფესორია ჩვენი მამა და მარჩენალი… მოდით, ვთქვათ, ასეთი რაღაც – ვინაიდან ახლა ასეთი დაპირისპირებაა, გავაჩეროთ კანონპროექტის მიღება და ყველაფერი გადაწყდეს არჩევნებზე. ხომ ამბობენ 60%-იან მხარდაჭერას მივიღებთო?! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
– თუ დავალება რუსეთიდანაა, პირველ რიგში, ის უნდა დაარწმუნონ…
– მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ…
– მოქალაქეებმა კი გააგრძელონ პროტესტი?
– პროტესტის გარეშე საერთოდ გაზულუქდებიან… მაგრამ პროტესტი უნდა იყოს უფრო მშვიდობიანი და უფრო დიდიც.
– ბატონო პაატა, „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი ბიზნესმენების განცხადებებს გაეცნობოდით…
– კომენტარის გარეშე.
– საერთოდ არაფრის თქმა გსურთ?
– კომენტარის გარეშე – ამას როცა ვამბობ, ამით ნათქვამია ყველაფერი.

ასევე დაგაინტერესებთ