“ამ ეტაპზე, USAID-ის ალტერნატიული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი პროგრამა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იქნება არ არის”, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია “აგროლეინის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ღვინიაშვილმა ისაუბრა.
როგორც ცნობილია, მეორე ვადით არჩეულმა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა. შეჩერებული პროექტების პარალელურად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ამ დრომდე ამ სააგენტოს აქტივობა უცნობია.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნულზე ამბობს, რომ USAID-ის შემცვლელ, ალტერნატიული დაფინანსების წყაროს ქვეყანას არ ფლობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შეძლებს, რომ ამ მიმართულებით სოფლის განვითარების პროგრამები დააფინანსოს, მაშინ კომპანია მზადაა რომ პროგრამებში ჩაერთოს.
გარდა ამისა, ღვინიაშვილის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ახალი კონკურსის ფარგლებში “აგროლეინი” საწარმოს გაფართოებასა და ახალი დანადგარების შეძენას გეგმავდა, თუმცა მიმდინარე პროგრამების შეჩერების გამო ამ გეგმების რეალიზება ვერ მოხერხდა.
„აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას USAID-ის პროგრამებში. შარშან ახალი კონკურსი ჰქონდათ გამოცხადებული, სადაც ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. ამ პროექტის ფარგლებში საწარმოს ზრდას და ახალი დანადგარების შეძენას ვგეგმავდით, თანადაფინანსების ფარგლებში. სამწუხაროდ, რომ შეწყდა,ჩვენი სახსრებით ორივეს – საწარმოს გაზრდასა და ახალი დანადგარების შეძენას – ვეღარ მოვახერხებდით.
საბოლოოდ, მხოლოდ დანადგარების შეძენა შევძელით, ხოლო საწარმოს გაფართოება ერთი წლით გადაიდო. შედეგად, წელს იმ მოცულობის პროდუქტს, რაც გვქონდა დაგეგმილი, ვერ მივიღებთ და ვერც ექსპორტზე გატანას შევძლებთ“, – განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, USAID – უკვე ათწლეულებია, მსოფლიოს მასშტაბით ასობით ქვეყანას ეხმარება სოციალურ, ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველო ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ბენეფიციარია, განსაკუთრებით ისეთი სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, მეწარმეობა და გარემოს დაცვა. ორგანიზაცია საქართველოში 1992 წლიდან მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში, ქვეყანას დაახლოებით 2 მილიარდ დოლარამდე დახმარება გაუწია.
