საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ „კომერსანტის“ ეთერში 2024 წელი შეაჯამა.
მისი თქმით, გასული წელი სააგენტოსთვის საკმაოდ დატვირთული იყო: დასრულდა ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმის მოკვლევა, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს კონკურენტული სავაჭრო გარემოს ჩამოყალიბებაზე. ამ ეტაპისთვის კონკურენციის სააგენტოში ოთხი საქმის მოკვლევა მიმდინარეობს, რომლებიც 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ასევე, 2024 წელს, აშშ-ში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ჯილდო მიიღო, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის გაწეული სამსახურისთვის.
„აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტოს მუშაობის სტანდარტები სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ ანალოგს. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 75-იდან 85%-მდე გაიზარდა ქართული კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან.
2024 წელს ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი მოკვლევა დასრულდა. ერთი ეხებოდა სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმეს. ამ „ქეისში“ მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს ,,თინეთი” და ,,მასტერქარდევროპი“. არსებობდა კონკურენციის შემზღუდველი ქმედების შესახებ განაცხადი. კონკურენციის სააგენტომ საკმაოდ დეტალურად და ხანგრძლივად იკვლია საქმე, თუმცა დეტალური დარღვევა არ დაფიქსირებულა. იყო გარკვეული რისკები, რომლებიც თანამდევია ამ სფეროს, ამიტომაც გაიცა რეკომენდაციები. საქართველოს კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ უწყების თვითმიზანი არ არის, მხოლოდ კონკრეტული დარღვევა გამოვავლინოთ. მოკვლევის ეტაპზე თუ რაიმე სისტემური რისკი იქნება, ამ ყველაფრის იდენტიფიკაცია კონკურენციის სააგენტოს ინტერესის საგანია, რათა ბაზარი გაჯანსაღდეს და შემდგომი რისკები დავაზღვიოთ. ძალიან ხშირად კონკურენციის სააგენტო პრევენციულ გაფრთხილებებს გასცემს ხოლმე.
მეორე მოკვლევა ეხებოდა ე.წ ,,სოდის ბაზარს“. აქ სასაქონლო ნიშანს არამართლზომიერად გამოიყენებდნენ. ერთმა მოთამაშემ გამოიყენა მეორე მოთამაშის უკვე კარგად ცნობილი სასაქონლო ნიშანი. კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა და მეორე მოთამაშეს ჯარიმაც დააკისრა – 14600 ლარი. განვმარტოთ, კომპანიამ შექმნა სასაქონლო ნიშანი, რომელიც 100%-ით იმეორებდა მასზე უფრო გაპიარებულ სასაქონლო ნიშანს. ეს მარკეტინგული ხრიკები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, რის გამოც კონკურენციის სააგენტომ და მსგავსმა ორგანიზაციებმა ძალიან ყურადღებით უნდა იმუშაონ.
ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოში 4 მოკვლევაა აქტიური, ერთია- რუსთავის ავტობაზრობის საკითხი. საუბარია, კონკრეტული მეწარმე-სუბიექტის მიერ არამართლზომიერი ფასის შესაძლო გამოყენებაზე. ასევე გვაქვს ფარმაცევტული ბაზრის საქმე, რომელიც ე.წ მტაცებლურ ფასებს უკავშირდება, 300%-ზე მაღალი მოგების მარჟის დაფიქსირებას. ამ საქმეზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს; პირველადი დასკვნები 2025 წელს უკვე გვექნება.
მესამე საკითხია, ბათუმში თევზით ვაჭრობა; მეოთხე – ელექტრონული ვაჭრობის ბაზარზე არსებული სიტუაციები.
კონკურენციის სააგენტომ ევრორეგულაციებთან დაახლოებისთვის საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 75-იდან 85%-მდე გაიზარდა ქართული კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი სრული ჰარმონიზაციისთვის. წელს პირველად, აშშ-ში კონკურენციის სააგენტომ მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის ჯილდო, მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის გაწეული სამსახურისთვის. ჩვენ შევიმუშავეთ როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. წელს ორი რეკომენდაცია მივიღეთ, რომელიც როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებლებს დაეხმარება, რათა ადამიანის სამომხმარებლო უფლება კარგად იყოს რეალიზებული. ანტიდემპინგური პოლიტიკა და მერჯერების (კომპანიათა შერწყმის) კონტროლი ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით კონკურენციის სააგენტოს ახალი ფუნქციაა. ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სამართლებრივი ბაზა მოწესრიგდა, რაც ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ანტიდემპინგური რეგულაციის კუთხით, დასრულდა თამბაქოს ბაზრის მოკვლევა. მიმდინარე საქმეა, ე.წ არმატურის ბაზარი, საჩივარი ადგილობრივი მეწარმეების განაცხადის საფუძველზე შემოვიდა. თემა შეეხება ირანიდან და რუსეთიდან იმპორტირებული არმატურის დემპინგური ფასით საქართველოში შესაძლო გაყიდვას. ირანი და რუსეთი ინფორმაციის მოწოდების კუთხით, ძალიან რთული ბაზარია, თუმცა საქმე დიდი ალბათობით, მალე დასრულდება და კონკურენციის სააგენტო დასკვნას კონკრეტული ანალიზის საფუძველზე, მალევე გაასაჯაროებს“,- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კალანდაძის განმარტებით სააგენტოს სულ უფრო მეტი მომხმარებელი მიმართავს, თანაც გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია „ხარისხიანი მომართვიანობის“ ინტენსივობა, ანუ მოქალაქეები და დაინტერესებული პირები, არა მხოლოდ სურვილით, არამედ დასაბუთებული და იურიდიულად გამართული საჩივრით იცავენ ჯანსაღ კონკურენციას.
გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტო ცდილობს, მომხმარებლის უფლებებზე ცნობიერება აამაღლოს.
„რაც შეეხება მომართვიანობას, ამჟამად მომართვიანობა ხარისხიანობის თვალსაზრისითაა განსხვავებული. მომხმარებლებმა უკვე ისწავლეს, რაზე უნდა გააკეთონ განაცხადი, რომ აბსოლუტურად ყველა პრეტენზია კონკურენციის სააგენტოსთან არ მოვიდეს. 2024-ში თითქმის 1000 განაცხადი შემოვიდა, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. 131 შემთხვევაში პირობითი ვალდებულებები გაფორმდა, ეს ის შემთხვევაა, როცა მეწარმე სუბიექტი აცნობიერებს საკუთარ არასამართლიან ქმედებას და იღებს პირობით ვალდებულებას, რომ ეს ხარვეზები გამოასწოროს. ჩვენი კანონი პირველივე ჯერზე ჯარიმას არ ითვალისწინებს, რაც საკმაოდ პარტნიორული მიდგომაა. ისეთი ტენდენციაა ჩამოყალიბებული, რომ ბიზნესს თავად აქვს ინტერესი, მისი მომხმარებელთან ურთიერთობა კანონთან იყოს შესაბამისობაში.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების აქტიურ მხარდაჭერას, მათთვის ცხელი ხაზის, ელექტრონული საიტის თუ პირად კომუნიკაციას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, რათა ახალგაზრდებმა გარკვეული უნარები და თვისებები გამოიმუშაონ, იმ უწყებებთან თანამშრომლობის, რომლებიც მომავალში მათ სამომხმარებლო უფლებებს დაიცავს“,- აღნიშნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.