„ამ ეტაპზე წარმოების ზრდას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან დიდი რისკია, რომ თურქეთიდან კვერცხი დემპინგურ ფასად შემოვიდეს“

მეფრინველეობის კომპანია “კოდას” დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც კომპანიის დირექტორი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მეწარმეებისთვის, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის დემპინგურ ფასად შემოტანა, ისევ დგას.
მისივე ინფორმაციით, “კოდას” აქვს რესურსი, რომ წარმოება გაზარდოს, თუმცა ამ ეტაპზე თავს სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო იკავებს.
“გვინდა, თუმცა, ამ ეტაპზე წარმოების ზრდას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან დიდი რისკია, რომ თურქეთიდან კვერცხი დემპინგურ ფასად შემოვიდეს. მაგალითად, გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობის კვერცხი შემოვიდა. წელს შედარებით ნაკლები, მაგრამ დაზღვეული არ ვართ. არანაირი დამცავი მექანიზმი არ არსებობს იმისათვის, რომ ადგილობრივი პროდუქცია დაცული იყოს. მეშინია, პროდუქცია დემპინგური ფასით, რომ შემოვიდეს და ჩემი გაზრდილი წარმოება წამგებიანი აღმოჩნდეს. იმპორტირებული პროდუქცია კონკურენციას ვერ გაგვიწევდა იგივე ფასით რომ შემოდიოდეს.
ადგილობრივი წარმოების დაცვისთვის, ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას დამცავი მექანიზმი აქვს. მაგალითად, თურქეთში, რომ კვერცხი შეიტანო, მეწარმეს საბაჟო გადასახადის გადახდა უწევს, ჩვენთან მსგავსი არაფერი არ არის. პატარა კომპანიები ალბათ ვერ უძლებენ კონკურენციას და ამიტომ იხურებიან. მიუხედავად ამისა, კვერცხის მწარმოებელთა რიცხვი ბოლო წლებში მაინც გაზრდილია”, – აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
ვრცლად, bp.ge