ამ ეტაპზე ყურძნის სუბსიდირება საჭიროა – მინისტრის მოადგილე

“2024 წელსაც ისევე, როგორც წინა წლებში, სახელმწიფო ისეთი მნიშვნელოვანი კულტურის მოსავლის ორგანიზებულად აღებისთვის ემზადება, როგორც არის ყურძენი. ამ ეტაპზე 50- მილიონიანი ბიუჯეტი განისაზღვრა. ეს არ ნიშნავს, რომ ყურძნის შესყიდვაზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება, საჭიროებისამებრ დაიხარჯება. სახელმწიფო, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა სცენარისთვის ემზადება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ფერმერების გვერდით დავდგებით”, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ.
უცნობია, ჭარბი ყურძნის ჩაბარებასთან ერთად, დაასუბსიდირებს თუ არა ხელისუფლება ყურძნის ფასსაც. სამინისტროში პასუხის გაცემა ამ ეტაპზე უჭირთ. ამასთან, უწყებაში კვლავაც აღიარებენ, რომ სუბსიდირება არც თუ ისე კარგი პრაქტიკაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ის საჭიროა.
“მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. როდესაც შარშან შევხედეთ, რომ სუბსიდიის მოცულობის საჭიროება 25 თეთრი აღარ იყო, 20 თეთრი გავხადეთ. არსებულ ვითარებას წელსაც შევაფასებთ და გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე საჭირო არის [სუბსიდირება], თუმცა იდეალურ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევა, კარგი იქნება. ჯერჯერობით ამ იდეალურ პირობებში არ ვართ. იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო რამეს აკლებს, უბრალოდ ჩვენი მდებარეობიდან და კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, მხარდამჭერი მექანიზმებისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

ასევე დაგაინტერესებთ