,, ამ დროს გვიახლოვდება სამი ტიპი. ნუ, ჩვენ ავტომატი და რამე იარაღი კი არა, დანაც არ გვაქვს თან, მხოლოდ ნაფოტები და ეგეთები…”

,,სარბიელის” ჟურნალისტი, ზურაბ მეძველია სოციალურ ქსელში ისტორიას იხსენებს:
,,იმ დღეს გამახსენდა მეგობრებთან საუბრისას და აქაც მოვყვები ბარემ. მითუმეტეს, რომ იშვიათი ამბავია. აი როგორი და სრულ სიმართლეს რომ ამბობ კაცი და თავად აზრზე ხარ, რომ ამას არავინ დაიჯერებს და შენც რომ იყო მეორე მხარეს, შანსი არაა დაიჯერო, გინდ გარემოებების გათვალისწინებით და გინდაც ზოგადად. ფიქრობ კიდეც, ხომ არ სჯობს, რამე ნორმალური ტყუილი მოვიფიქრო, გაცილებით იოლად მეშველებაო… მაგრამ ამ შემთხვევას ბევრი მონაწილე ჰყავს და ეხლა ერთბაშად 12 კაცი ერთნაირ ტყუილს ვერანაირად მოვიფიქრებდით).
1993 წელია. საღამოები ძირითადად არის ასეთი: უბანში რომელიმე ეზოში ვზივართ მოსახლეობა კოცონთან, რომელზეც ოჯახები მორიგეობით ხარშავენ რაიმე საკვებს ან წყალს ადუღებენ ბავშვის დასაბანად, და შეშა რომ მიილევა, ეგრევე სახლებში და ეგრევე, სანამ თბილი ხარ – ლოგინში. შუქი არ არის, გაზი არ არის. ომი წაგებულია. ცივა.
ხოდა ერთ დღესაც რომ დასცა ბირჟა ქუჩის გარკვეულმა მოსახლეობამ ოთხი ნომრის ეზოში, აღმოჩნდა, რომ შეშა არ არის. ნუ, გავალთ უბანში – ეგებ სადმე რამე ყუთი, სადმე რამე ნაფოტი… (ხეებს არ ვერჩოდით, მაგრამ ექვს ნომერთან საზღვარზე რომ ღობე იყო და აღარ არის, მაგის წყალობით ბანაობდნენ ბავშვები და იხარშებოდა ის ლობიოები, აბა საიდან).
ვიყავით ცხრა კაცი. ყველა თაობისა. მე, მაგალითად, ჩემი 26 წლით ბოლოდან მეორე ვიყავი, ჩემზე პატარა მხოლოდ ყველაზე ასაკოვანის 11 წლის შვილიშვილი იყო. მოვედეთ უბანს – ზოგი ტექნიკუმის ეზოში, ზოგი უზნაძეზე, ზოგიც კიდე უფრო იქით. ნახევარ საათში მარჯანიშვილის თეატრთან დავთქვით შეხვედრა და შევხვდით კიდეც. გაირკვა, რომ კარგად გვიმუშავია და ორი დღის დასაწვავი გვია, ამიტომ შეგვიძლია დავბრუნდეთ ეზოში და კოცონს მივეფიცხოთ, მაგის დედაც…
(ჰო, ამ ნახევარ საათში სადღაც ხუთჯერ შემოგვესმა სროლის ხმა – ზოგი შორიდან, ზოგი სადღაც უბნის ფარგლებიდან).
და ამ დროს გვიახლოვდება სამი ტიპი. ნუ, ჩვენ ავტომატი და რამე იარაღი კი არა, დანაც არ გვაქვს თან, მხოლოდ ნაფოტები და ეგეთები. ისინიც შორიდან ცოტა იზმენაში ამდენი ხალხის დანახვაზე… არაფერი, ზემო უბნელი ნაცნობი ბიჭები აღმოჩდნენ. და ვახ, თქვენა ხართ, როგორა ხართ და რას შვრებითზე ერთ-ერთმა ჩვენგანმა იოხუნჯა ვითომ და დახუჭობანას ვთამაშობთო, მიუგო.
ჰოდა აი აქ დაგვერხა.
უფრო სწორედ, დაგვერხა ოდნავ მოგვიანებით – მას შემდეგ, რაც:
1. ერთმა ჩვენგანმა, 40-ს გადაცილებულმა კაცმა დაიჩივლა – ეჰ, როგორ მიყვარდა მაგ დახუჭობანას თამაში ბავშვობაშიო და გაიხსენა სტუკ-სტუკები და დააყოლა, მაგის დედასაც გავარტყი, მოდი აქვე უცებ ვითამაშოთ ამ სიბნელეში და ამ ნანგრევებში, გავერთოთ ცოტაო;
2. ყველანი დავეთანხმეთ გახურების და გართობის ამ შეთავაზებას, ნაშოვნი ფიჩხები თუ რაღაცეები იქვე ჩამოვდეთ და…
თურმე ამ ისტორიული დახუჭობანას დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლენინგრადის ქუჩაზე რაღაც მომხდარა. რა, აღარ მახსოვს – მკვლელობა ან ყაჩაღობა ან რამე ეგეთი. თანაც ისეთი, რომ ვიღაც ავტომატიან ტიპებთან ერთად პოლიციაც კი გამოეშვათ დამნაშავეთა მოსაძებნად ან მთლად გასასაღებლად.
და წარმოიდგინეთ: მოდის ეს პოლიციელი. ბნელა სრულიად. კაციშვილი ქუჩაში არაა. და უცებ, თეატრის გადაღმა რომ მიტოვებული მშენებარე კორპუსია, იქიდან რაღაც ხმა შემოესმა. მიუახლოვდა ჩუმად და ასევე უცებ ხედავს, რომ იქიდან ვიღაც ტიპი გამოდის და ფეხაკრეფით სვლას იწყებს. აჰა, ეგ არიო და პოლიციელი თავდასხმისთვის ემზადება. და აქ ასევე უცებ მეორე შესასვლელიდან სხვა ტიპი გამოენთება და ისე დაგაზავს, მიმიქარავს ჯესი ოუენსი…
გადავრჩით, რომ არ ესროლა – უბრალოდ გამოეკიდა და დაახტა 🙂
მაგ წელს იყო, კოზა ნოსტრას თავკაცი სალვატორე რიინა რომ დაიჭირეს ბოლო-ბოლო. სადღაც 120 მილიონის ქონება დაუყადაღეს ტიპს და ეგ მაინც ბოლომდე ჯიუტად აწვებოდა, ჩვეულებრივი ბუღალტერი ვარ და მაფიის თავკაცობა და წევრობა კი არა, თავად მაფია რას ნიშნავს, არ ვიციო.
და დაახლოებით მაგ დროს მარჯანიშვილის თეატრის უზნაძის მხარეს კედელთან, ჩამწკრივებული იყო 12 კაცი, 11-იდან 63 წლამდე ასაკისა. და სხვადასხვა ტონალობაში დასმულ შეკითხვაზე, რას აკეთებდით ამ დროს აქაო, თორმეტივე ერთნაირ პასუხს სცემდა. ისეთივე დაუჯერებელს, როგორსაც ის კორლეონელი სალვატორე :)”
ფოტო – 90-იანების თბილისი

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება