ამ დრომდე რატომ არაა დასჯილი აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდამსხმელები? – კობახიძის პასუხი

იმის მიზეზად, რომ აქციების დროს ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დასჯილა, “ოცნების” პრემიერი ირაკლი იდენტიფიცირების საკითხს ასახელებს.
როგორც მან ბრიფინგზე, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველთა ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, “საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი” და თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე, ვერ მოხდება ბრალის წაყენება.
„ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%. ასეთივე სტანდარტი მოქმედებს ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით. დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება. თუ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ მოხდება ბრალის წაყენება. დანარჩენზე მოგახსენებენ შესაბამისი უწყებები. უწყებას აქვს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირთა იდენტიფიცირების თუ ვერ იდენტიფიცირების მიზეზებთან დაკავშირებით. მათგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხდა შესაბამისი პირების იდენტიფიცირება. აქ საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე სამართალდამცავების შემთხვევაში და 3%-იანი მაჩვენებელი უკვე გასაგებია, რასაც ნიშნავს და როდესაც საუბარი იყო აქციის მონაწილეებზე, ათასი ადამიანი ძალადობდა და იმის გამო, რომ არის მაღალი სტანდარტი, იქაც ვერ მოხერხდა 970 ადამიანის იდენტიფიცირება. ეს არის მაღალი სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ