· 394
ერთმა ყველაფერი ერთად მომცა და მადლიერი ვარ”
“გულის სიღრმეშიც არ დამიშვია, რომ უარს ვიტყოდი”
ბოლო დროს, მომღერალ ნუცა თოფურიას ცხოვრება სასიამოვნო სიახლეებითაა სავსე: ნუცამ ბავშვობის ოცნება აიხდინა და საკუთარი შესაძლებლობები სამსახიობო სფეროში სცადა: თეატრის სცენაზე, სპექტაკლში – “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” მთავარი როლი შეასრულა. მალევე სერიალში – “მარჯვენა სანაპირო” ასევე, მთავარი როლით გამოჩნდა, ახლახან კი “ცეკვავენ ვარსკვლავებშიც” ვიხილეთ. ცდილობს, ყურადღება არც ერთ საქმეს არ მოაკლოს, თუმცა გული სწყდება, რომ ამ ეტაპზე, მისი მუსიკალური კარიერა ცოტათი “გაიწირა”…
– ბავშვობიდან ისეთ აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული, რომ საკუთარი თავი მშვიდ რეჟიმში ვერ წარმომიდგენია, თუმცა ახლა ჩემს თავს ისეთი რაღაც ხდება, რომ თავდაპირველად მეგონა, რაღაცებს ვერ შევძლებდი, მაგრამ თურმე, ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა… რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, თუკი ამ ყველაფერს თავს გავართმევ, ძალიან მაგარი იქნება! თან, არ მინდა, რომელიმე საქმეს რამე დავაკლო. მსურს, მაქსიმალურად ყველაფერი იდეალურად, სრულყოფილად გავაკეთო. ამისთვის ბევრს ვშრომობ. ბედნიერი ვარ!.. მგონია, რომ ახლა განსაკუთრებული პერიოდი მაქვს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ერთდროულად ხდება, მაგრამ ჩემთვის ოდნავ გულდასაწყვეტია, რომ სიმღერას ცოტათი დრო მოვაკელი, რადგან თითქმის ყველა საახალწლო კონცერტი გავაუქმე… ერთადერთი, ეს მანერვიულებს. შეძლებისდაგვარად, იქნებ, ამ მხრივ რამე მოვახერხო, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი მუსიკალური კარიერა ცოტათი მაინც “გაიწირა”…
– 3 პროექტში – სერიალში, სპექტაკლში და “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ერთდროულად მონაწილეობ. როგორ მოხდა ეს?
– მსახიობობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – ირაკლი გოგიამ მოულოდნელად დამირეკა, – ახმეტელის თეატრში მოდიო. ამ თეატრში მანამდეც ყველას ვიცნობდი, რადგან მსახიობი გიორგი ცხადაძე ჩემი უახლოესი მეგობარია. სიმღერასთან დაკავშირებით, ირაკლი საოცარ რჩევებს გვაძლევს ხოლმე. ვიფიქრე, – ეტყობა, რაღაც ახალი სიმღერა შეგვირჩია და გვიბარებს, რომ მოგვასმენინოს-მეთქი… “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” ბავშვობიდან ჩემი საყვარელი სპექტაკლია. თითქმის ზეპირად ვიცოდი, ძალიან მომწონდა. სიმბოლურია, თეატრში მისულს ირაკლიმ რომ მითხრა, – ნინიკოს როლს ითამაშებ ამ სპექტაკლშიო. ზუსტად ვიცოდი, წარმოდგენას როგორი პოპულარობა ელოდა. დიდი რისკია, რომ მთავარ როლში ისეთი ადამიანი ათამაშო, ვისაც თეატრის სცენაზე არასოდეს უთამაშია. – რატომ რისკავ-მეთქი? – ვკითხე. – ჯერ ერთი, ჩემი ინტუიცია არასდროს ცდება და მეორე, ვინც დღეს საქართველოში, სპექტაკლში – “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” წყვილი – კოკა და ნინიკო უნდა ითამაშოს, შენ და ცხადო ხართ, სხვა არავინ, ნინიკო “შენ ხარო”!.. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო: უამრავი დეტალი უნდა გამეაზრებინა, რომ ეს პერსონაჟი ჩემში აღმომეჩინა – მარტივი როლი არ არის. საბოლოო ჯამში, საკუთარ თავში ნინიკო ვიპოვე, მისი პრობლემა გავიაზრე… მგონია, რომ სწორად ვითამაშე. ჩემთვის ეს როლი და საერთოდ სპექტაკლი ძალიან ემოციურია. დაღლილ- დაქანცულისთვის თეატრის სცენაზე, ამ სპექტაკლში თამაში ჩემთვის ერთადერთი ნუგეში და სიამოვნებაა. ისეთი ძლიერი განტვირთვაა, რომ ერთი სული მაქვს ხოლმე, ახმეტელის თეატრში მივიდე. ყველა სეანსზე დარბაზიც სრულიად სავსეა. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა! მგონია, ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დამრჩება, თუ თეატრის მსახიობის კარიერა არ გავაგრძელე (მაგრამ როგორც მიწინასწარმეტყველებენ, ეს ასე არ მოხდება)… კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ გეყოლება პარტნიორი, როცა თეატრის სცენაზე შენი დებიუტია. ჩემი პარტნიორი ცხადო რომ არ ყოფილიყო, მგონია, ამ საქმესთან შეჭიდება შედარებით გამიჭირდებოდა. მან საქმე გამიმარტივა. ახმეტელის თეატრის მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ოჯახის წევრად მიმიღო. ისეთი შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს, რომ მიკვირს – ასე არ ხდება ხოლმე… მოკლედ, ამ ამპლუაშიც ბედნიერი ვარ. ვხუმრობდი, – მეგობრებო, მგონი, მსახიობი ვხდები-მეთქი და ზუსტად მეორე დღეს, ალეკო მალხაზიშვილმა დამირეკა – სერიალში მთავარი როლი უნდა ითამაშოო. ვფიქრობდი, – რა ხდება-მეთქი?!. თეატრის სცენა საერთოდ სხვა არის, სიმღერის – სხვა, სერიალის, კინოს გადაღების “სეტი” – სხვა… ასევე, ვხუმრობდი, – ძლივს მსახიობი გავხდი და სერიალშიც მომღერლის როლს ვთამაშობ-მეთქი (იცინის). ყველაზე მnიშვნელოვანი ისაა, რომ სერიალში საკუთარ თავს ვასახიერებ: ჩემი პერსონაჟი – ანი ჩემთან ძალიან “ახლოსაა”… მგონია, გამიმართლა, რადგან სადაც მივდივარ, ყველგან საოცარი ხალხი მხვდება. მაქსიმალურად მიწყობენ ხელს, რომ ყველაფერი გამომივიდეს. სერიალიც კარგად მიმდინარეობს: რომელი სიმღერაც შევასრულე, “ტიკტოკზე” უკვე ძალიან პოპულარულია…
– შენი პერსონაჟის სავარაუდო შეყვარებულის როლის შემსრულებელი – დიტო კუპატაძე როგორი პარტნიორია?
– უპირველეს ყოვლისა, საოცარი ადამიანი და მსახიობია. მგონია, რომ სერიალში ჩვენი გმირების ამბავი დადებითად განვითარდება. ჯერჯერობით, ეს სცენები არ გადაგვიღია, მაგრამ სცენარის მიხედვით, ჩვენს გმირებს შორის რაღაც ურთიერთობა დაიწყო და ვნახოთ – მაყურებლებთან ერთად გავიგებთ, როგორ განვითარდება…
– შენს პარტნიორებთან – სალომე კოკუაშვილთან და ალექსანდრა პაიჭაძესთან რეალურად, როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ალექსანდრას დიდი ხანია, ვიცნობ. სალომეს შორიდან ვიცნობდი, სერიალზე მუშაობისას კი პირადად გავიცანი. უკვე ჩემი გოგონები არიან – ძალიან კარგები, საყვარლები და სრულყოფილები. უბრალოდ, ვხუმრობდი, – ამ აშხვართულ გოგონებთან ერთად არ დავდგები, ცალკე გადამიღეთ-მეთქი (იცინის). ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგად განწყობილები ვართ. გადაღებებიც მარტივად, ბუნებრივად მიმდინარეობს, რადგან ერთმანეთთან ყველა იდეალურად ვართ.
– რეალურად, გყავს სამეგობრო, ვისაც თითქმის ყოველდღე ხვდები, საუბრობთ?
– კი, ზუსტად ისეთი ამბავი გვაქვს, რაც სერიალში ხდება. უახლოესი დაქალები მყავს. ჯგუფებად ვართ. მაგალითად, ამ პერიოდში, მე, მარიამ შენგელია და ლიზა ქონიაძე თითქმის ისე ვართ ერთად, როგორც სერიალშია ჩემი გმირი თავის დაქალებთან (იცინის). კიდევ, ბავშვობის ყველაზე ახლო დაქალები მყავს… მოკლედ, რაც სერიალში ხდება, ჩემთვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა.
– ამ დატვირთული რეჟიმის ფონზე, “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობას როგორ დათანხმდი?
– საკუთარ თავთან მეც სულ ეგ კითხვა მაქვს (იცინის). თეატრში და სერიალზე მუშაობა უკვე დაწყებული მქონდა, როცა ნოე სულაბერიძემ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა შემომთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას ყველა დაუფიქრებლად თანხმდება, 3 დღე ვიფიქრე. ჩემი ოჯახიც იმ აზრს უჭერდა მხარს, რომ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა მიმეღო – ეგღა დაგრჩა და უნდა სცადოო (იცინის). საერთოდ, რთულია, ვინმემ “ცეკვავენ ვარსკვლავებზე” უარი თქვას, რადგან საოცარი შოუა. ვფიქრობდი, ამდენ საქმეს როგორ მოვასწრებდი? ყველამ იცის, რომ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობა ურთულესია, მაგრამ ვინც საკუთარ თავზე არ გამოცდის, მაინც ვერ გაიგებს… კი, ვიფიქრე, მაგრამ გულის სიღრმეშიც არ დამიშვია, რომ ამ პროექტზე უარს ვიტყოდი. საოცარი პარტნიორი მყავს. პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა უნდა გქონდეს, რომ 24/7-ზე მასთან ერთად იყო, იცეკვო… წარმოიდგინე, ადამიანი როგორ უნდა გეკომფორტულებოდეს, რომ ეს ყველაფერი შეძლო! იაკობი ზუსტად ისეთი პარტნიორია, როგორიც ამ მეგაშოუში მოწვეულ ყველა ვარსკვლავს სჭირდება. ამაშიც ძალიან გამიმართლა. მოკლედ, რაღაცნაირი პერიოდი მაქვს: ის ფრაზა მახსენდება – ღმერთი ან ყველაფერს ერთად გაძლევს, ან – არაფერსო. ჩემს შემთხვევაში, ღმერთმა ყველაფერი ერთად მომცა და მადლიერი ვარ. ამ ეტაპზე, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
– ცეკვის გამოცდილება გაქვს?
– ვხუმრობ ხოლმე, – “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ქუჩიდან მოვედი-მეთქი (იღიმის). ცეკვის სფეროსთან არანაირი შეხება არ მქონია. ხომ იცი, ყველა დედას უნდა, შვილი ქართული ცეკვის წრეზე ატაროს. მცირე ასაკში მეც დავდიოდი. 2 წელი ვიარე, რომ მინიმალური ილეთები მესწავლა. ბავშვობიდანვე დატვირთული რეჟიმის გამო, ესეც ვერ შევძელი. მოკლედ, ცეკვის წრიდან გამოვედი… საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ თურმე, ცეკვისას რაღაც გამომდის, ოღონდ – ბევრი შრომის შემდეგ.
– რეპეტიციების დროს, პარტნიორისგან შენიშვნები არ გწყინს?
– არა. შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს. თან, ერთმანეთის ხასიათი ისე “დავამუღამეთ”, რომ ზუსტად ვიცით, როდის რა ვუთხრათ, როდის არ გავცეთ ხმა… გადაღლილობას და სტრესს მარტივად ვუმკლავდებით. თუ ისე მოხდა, რომ ერთმანეთს მაინც რაღაც “ისეთი” ვუთხარით, ვიცით, რომ ეს გადაღლილობის, ნერვული სტრესის ბრალია და ყურადღებას დიდად არ ვაქცევთ. ვცდილობთ ვისიამოვნოთ იმ საქმით, რასაც ვაკეთებთ. ფსიქოლოგიურად მომზადებულები ვართ, ჯერჯერობით.
– ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევ?
– კონკურსების მიმართ ბავშვობიდან განსხვავებულად ვარ განწყობილი – ყველა მეგობრად მიმაჩნია. ამის გამო, “მხოლოდ ქართულში” მონაწილეობისას დამცინოდნენ კიდეც. ყოველთვის ვფიქრობ – ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, საბოლოოდ კი ღირსეული გაიმარჯვებს, ვინც ბევრს იშრომებს-მეთქი. ვინაა ძლიერი და ვინ მაჯობებს, მსგავს რაღაცებზე საერთოდ არ ვფიქრობ. მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული და მაქსიმუმს ვაკეთებ. დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს! ერთმანეთთან ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. პროექტებში მონაწილეობის გამოცდილებაც მეხმარება. ზუსტად ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო. პროექტის წესებს სწორად მივყვები. ფსიქოლოგის როლიც მაქვს შეთავსებული: ყველას “თერაპიას ვუტარებ” – დამშვიდდით, ტყუილად ნერვებს რატომ იშლით-მეთქი (იღიმის)?..
– წარმატებას გისურვებ!
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი “გზა”