ამჯერად რუსეთის შრომის მინისტრის ყოფილი მოადგილე – თვითმკვლელობების სერია 2026 წელსაც გრძელდება – როგორია ქრონოლოგია

რუსეთში კიდევ ერთი ექსჩინოვნიკის სუიციდის შესახებ გახდა ცნობილი, რითიც ქვეყანის კერძო თუ საჯარო ელიტაში იდუმალებით მოცული თვითმკვლელობების სერია და სიკვდილიანობა გრძელდება.

კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, 15 იანვარს ფედერაციის შრომის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსეი სკლიარი ახალ მოსკოვში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წყაროს ცნობით, სკლიარის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. Telegram-არხი, SHOT წერს, რომ მან საკუთარ სახლში მეგობრებისთვის წერილის გაგზავნის შემდეგ მოიკლა თავი. SHOT-ის ცნობით, როცა მაშველები სკლიარის სახლში, დასახლება ფილიმონკოვსკოეში მივიდნენ, შესასვლელი კარი ღია დახვდათ, ხოლო ცხედარი ზღურბლზე ეგდო. მისი მეუღლე ინციდენტის შესახებ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა ალექსეი სკლიარი რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2022 წელს გაათავისუფლა. ის ამ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა და საინფორმაციო სისტემებზე, ასევე, ელექტრონული სამთავრობო მომსახურების მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი.

ალექსეი სკლიარი 1975 წლის 25 აპრილს, ყუბანის სლავიანსკში დაიბადა, კარიერა კი 1995 წელს დაიწყო, როცა ყუბანის განვითარებისა და განახლების ინოვაციური ფონდის საინვესტიციო პროგრამებისა და ყოვლისმომცველი განვითარების განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. 1997-იდან 2002 წლამდე სკლიარი „კრასნოდარაგროპრომსნაბში,“ შემდეგ კი ფედერალური ხაზინის კრასნოდარის მხარის ოფისის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2011-იდან 2013 წლამდე ამ ოფისის ხელმძღვანელი იყო. 2013-იდან 2018 წლამდე სკლიარი საანგარიშო პალატაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც რუსეთის შრომის მინისტრის მოადგილე გახდა.

აღსანიშნავია, რომ მის თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 7 იანვრიდან კვიპროსში კომპანია „ურალკალის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, 53 წლის ვლადისლავ ბაუმგერტნერი გაუჩინარდა. 14 იანვარს ბერძნული ონლაინ-გამოცემა Philenews წერდა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაუმგერტნერი გაუჩინარდა, მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. კერძოდ, ავდიმუს რაიონში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, რომლის ცხედარიც გახრწნის ღრმა სტადიაში იყო, ხოლო დნმ-ის ტესტირების საფუძველზე რუსი ბიზნესმენის ვინაობა დადასტურდა.

ვლადისლავ ბაუმგერტნერი „ურალკალს“ 2003-იდან 2013 წლამდე ჯერ კომერციული დირექტორის, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ხელმძღვანელობდა. 2013 წლის აგვისტოში ის მინსკში დააკავეს, სადაც კალიუმის გაყიდვებთან დაკავშირებით იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიასნიკოვიჩთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. როგორც The Bell წერდა, ბაუმგერტნერი რუსეთ-ბელარუსის „კალიუმის ომის“ მძევალი გახდა. სამთვიანი წინასწარი პატიმრობისა და შინაპატიმრობის შემდეგ ის მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთში ბაუმგერტნერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მისი ექსტრადირების მიზნით აღიძრა, თუმცა 2015 წელს მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიხურა. შემდგომში ბაუმგერტნერი ბიზნესს დაუბრუნდა და საპორტო კომპანია Global Ports-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბოლო წლებში ის კვიპროსში ცხოვრობდა.

ამასთან, ბაუმგერტნერის გაუჩინარების დღეს გარდაცვლილი იპოვეს კვიპროსში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, ანტონ პანოვიც, რომელიც საელჩოში კრიპტოგრაფად მუშაობდა და რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებთან ჰქონდა კავშირი. იმავე დღეს სოციალურ ქსელში ფარული კამერით გადაღებული კვიპროსის მაღალჩინოსანთა შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი გაჩნდა, სადაც ისინი კორუფციულ სქემებს, მათ შორის, რუსებისთვის ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას განიხილავდნენ.

ამ სამი წლევანდელი ფაქტის გარდა, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსულ კერძო თუ საჯარო ელიტაში იდუმალებით მოცული თვითმკვლელობებისა და სიკვდილიანობის ქრონოლოგია ასეთია:

2025 წლის იანვარში – კონსტანტინ კლიუევი, ვლადივოსტკის ადმინისტრაციის უფროსის 42 წლის მოადგილე. ტაილანდში გარდაცვლილი იპოვეს

2025 წლის თებერვალში – ევგენი გოლოვატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს P-დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. თავი მოიკლა

2025 წლის მარტში – ვლადიმერ ანანიევი, არხანგელსკის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. გარდაიცვალა ჰოკეის თამაშის დროს

2025 წლის აპრილში -იგორ როჟნევი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს კრასნოდარის მხარის განყოფილების უფროსის მოადგილე. თავი მოიკლა

2025 წლის 4 ივლისს – ანდრეი ბადალოვი, მაგისტრალურ მილსადენების, სატუმბო სადგურებისა და საცავების მსოფლიოს უდიდესი კომპანია „ტრანსნეფტის“ ვიცეპრეზიდენტი. მოსკოვში, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე საკუთარი ბინის ფანჯრიდან თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა

2025 წლის 7 ივლისს – ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი. თავი მოიკლა,

2025 წლის 7 ივლისს – ანდრეი კორნეიჩუკი, ტრანსპორტის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. გარდაიცვალა გულის შეტევით

2025 წლის სექტემბერში – ანდრეი კროტკოვი,“ეფესბეს” ყოფილი პოდპოლკოვნიკი და მმართველი კომპანია Zeppelin-ის აღმასრულებელ დირექტორი. სანადირო თოფით გულმკერდის არეში ისროლა.

2025 წლის სექტემბერში – ალექსანდრ ტიუნინი, ქიმიური ბოჭკოებისა და კომპოზიტების მწარმოებელი კომპანია “ხიმპრომინჟენერინგის“ აღმასრულებელი დირექტორი. თვითმკველლობა ცეცხლსასროლი იარაღით

2024 წლის თებერვალში – არტურ პრიახინი, პეტროზავოდსკში ანტიმონოპოლიური სამსახურის კარელიის ფილიალის უფროსი. მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა

2024 წლის ნოემბერში – მიხაილ მაქსიმენკო, საგამოძიებო კომიტეტის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაცვლილი იპოვეს

2023 წლის თებერვალში – მარინა იანკინა, სანქტ-პეტერბურგში დასავლეთ სამხედრო ოლქის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, მე-16 სართულიდან გადავარდა

2023 წლის გაზაფხულზე – ვლადიმერ მაკაროვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმთან ბრძოლის მთავარი დირექტორატის უფროსის მოადგილე. ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში მიყენებული ჭრილობით

2023 წლის მაისში – პიოტრ კუჩერენკო, მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელიც პირად საუბრებში უკრაინის ომს აკრიტიკებდა. გარდაიცვალა თვითმფრინავში

2023 წლის აგვისტოში – სერგეი ფილატოვი, რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

2022 წლის თებერვალში – ივან პეჩორინი, დალნივოსოტოკისა და არქტიკის განვითარების კორპორაციის ავიაციის სექტორის დირექტორი. ნავიდან გადავარდა

2022 წლის აპრილში – ვლადისლავ ავაევი, „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, წინასწარი მონაცემებით, ბანკირმა მოსკოვში ოჯახი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა

2022 წლის აპრილში – სერგეი პროტოსენია, „ნოვატეკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი. ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს მისი მეუღლე და ქალიშვილი. მაშინ ესპანური მედია წერდა, თითქოს, პროტოსენიამ ცოლი და ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

2022 წლის აპრილიდან ივლისამდე – ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში; ლევ სოცკოვი, ამავე სამსახურის პენსიაზე გასული გენერალ-მაიორი. თავი მოიკლა ჯილდოდ მიღებული პისტოლეტით; ალექსეი ოგარევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და „როსვორუჟენიეს“ ყოფილი თანამშრომელი. გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში; ზალიმ კერეფოვი რუსეთის საბაჟო აკადემიის პრორექტორი. წინასწარი დაკავების #1 იზოლატორის სამარტოო საკანში ვენები გადაიჭრა.

2022 წლის აგვისტოში – ოლეგ კორტუნოვი, ჩებოქსარის 38 წლის ხელმძღვანელი, გულის შეტევით დაიღუპა

2022 წლის სექტემბერში – იგორ ნოსოვი, დალნივოსოტოკისა და არქტიკის განვითარების კორპორაციის 48 წლის აღმასრულებელი დირექტორი. ოფიციალური ცნობით, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა

2022 წლის სექტემბერში – რავილ მაგანოვი, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს 67 წლის თავმჯდომარე. მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ფანჯრიდან თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა

2022 წლის დეკემბერში – პაველ ანტოვი, ინდოეთში „ერთიანი რუსეთის“ ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი, ფანჯრიდან გადავარდა.

წყარო