შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს. საპოლიციო ღონისძიება 6 ივლისს, გვიან ღამით, ბათუმში ჩატარდა.
უწყების ცნობით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები.
“სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”, – წერია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლებით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ 21 და 25 წლის ახალგაზრდებს 20 წლამდე ან ივადო პატიმრობა ემქურებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აგრძელებენ მუშაობას იმ პირთა დასადგენად, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ დაკავებულებთან.
