ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებაზე თბილისში 2025 წელს 56 700 ლარის ჯარიმა გამოიწერა

ამტვერებადი მასალის წესის დარღვევით ტრანსპორტირებისთვის 2025 წელს თილისში 56 700 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა, გამოვლინდა კანონდარღვევის 173 ფაქტი. ამის შესახებ ვკითხულობთ კანონპროექტში, რომელიც დედაქალაქში ამტვერებადი მასალების, ფერადი ლითონებისა და მეორადი საბურავების გამოყენებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი მოიცავს როგორც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ასამოქმედებელ ახალ წესებს, ასევე ჯარიმების მოცულობის ზრდას უკვე დასჯადი ქმედებებზეც.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისთვის, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისა და ბეტონმზიდი მანქანიდან გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრისთვის წლების მიხედვით გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება:
2025 წელს გამოვლინდა 173 დარღვევა, დაკისრებულია 56 700 ლარი;
2024 წელს გამოვლინდა 274 დარღვევა, დაკისრებულია 89 200 ლარი;
2023 წელს გამოვლინდა 590 დარღვევა, დაკისრებულია 176 600 ლარი.
ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება:
2025 წელს გამოვლინდა 27 დარღვევა, დაკისრებულია 24 500 ლარი;
2024 წელს გამოვლინდა 25 დარღვევა, დაკისრებულია 18 500 ლარი;
2023 წელს გამოვლინდა 38 დარღვევა, დაკისრებულია 30 000 ლარი.
ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა:
2025 წელს გამოვლინდა 50 დარღვევა, დაკისრებულია 38 000 ლარი;
2024 წელს გამოვლინდა 44 დარღვევა, დაკისრებულია 28 500 ლარი;
2023 წელს გამოვლინდა 19 დარღვევა, დაკისრებულია 10 500.
შეგახსენებთ, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალება. სხვადასხვა კანონდარღვევისთვის ჯარიმები 400%-ით, 2500-დან 30000 ლარამდე იზრდება.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობა ნებადართული არ იქნება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. დასაშვებ ფუნქციურ ზონებში კი (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.