ამსტერდამში მოკლევადიანი გაქირავების ბინების რაოდენობა შემცირდება

ამსტერდამის მერიამ, ტურისტების მოჭარბებასთან ბრძოლის ფარგლებში, ზომების ახალი პაკეტი მიიღო. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
კერძოდ, 2024 წლის დასაწყისიდან, მაგალითად, Airbnb-ის სერვისით მოკლევადიანი გაქირავების ბინების რაოდენობა შემცირდება, რომ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და „ქალაქისთვის საჭირო“ სხვა ამსტერდამელებს ბაზარზე საცხოვრებლის ქირაობა შეეძლოთ.

ქალაქის თითოეული რაიონისთვის B&B-ტიპის სასტუმროთა რაოდენობის ლიმიტი დაწესდება, რომელიც 30%-ზე ნაკლები იქნება. B&B მინი-სასტუმროა, რომლის სერვისშიც მხოლოდ ღამისთევა და საუზმე შედის. დატვირთულ ადგილებში, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრში ახალი B&B-ის გახსნაზე ნებართვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღარ გაიცემა.
სამაგიეროდ, მერია სოციალური საცხოვრებლის გაქირავების პროგრამას განავითარებს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ბოლო 10 წლიდან ამსტერდამში, მინიმუმ, 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

ამასთან, ამსტერდამი ტურისტებისთვის ქალაქის მიზიდულობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. ეს, განსაკუთრებით, იმ ტურისტებს შეეხება, ვინც ქალაქს წვეულებისთვის სტუმრობს. ამ მიზნით მერია ქალაქის ცენტრში სუვენირების მაღაზიების გახსნისთვის საჭირო ნებართვების გაცემას შეწყვეტს. მერიაში ვარაუდობენ, რომ გამოთავისუფლებულ შენობებში წიგნების მაღაზიები, ტანსაცმლის ბუტიკები, ფიტნეს-კლუბები და სილამაზის სალონები გაჩნდებიან, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრს ადგილობრივები დაუბრუნდებიან.
bpn.ge