ამსტერდამში ისრაელელებსა და პალესტინის მხარდამჭერებს შორის შეტაკებების შემდეგ 57 ადამიანი დააკავეს

ამსტერდამში გასულ ღამით, გამთენიისას, ძალადობრივი შეტაკებები მოხდა ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მხარს პალესტინას უჭერენ.
ამ დროისთვის, დაკავებულია 57 პირი. ს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 10 ადამიანია დაშავებული.
ინფორმაცია ამსტერდამში დატრიალებული მოვლენების შესახებ საერთაშორისო მედიაში დილიდან ვრცელდება.
ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა სასტიკად დაგმო მომხდარი და მას ანტისემიტური თავდასხმები უწოდა. ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ორი „სამაშველო თვითმფრინავი“ გაგზავნა ამსტერდამში. ისრაელის სამხედრო ძალებმა მომხდარი დაახასიათეს, როგორც „ისრაელელების წინააღმდეგ სასტიკი და ძალადობრივი ინციდენტი“.
კონფლიქტი ნიდერლანდებისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბებს შორის შეხვედრის შემდეგ გამწვავდა. აიაქსსა და მაკაბის შორის შეხვედრა აიაქსის სასარგებლოდ, 5:0 დასრულდა. თამაში უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში შედგა.
თუმცა გარკვეული სახის კონფლიქტი მაკაბის ისრაელელ გულშემატკივრებსა და პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრანტებს შორის თამაშის დაწყებამდეც მოხდა, მათ შორის, წინა დღითაც. იყო ცნობები პალესტინის დროშის დაწვისა და ფეიერვერკების გასროლის შესახებ, რასაც შედეგად რამდენიმე ადამიანის დაპატიმრებაც მოჰყვა. თუმცა მდგომარეობა გაცილებით გამწვავდა თამაშის დასრულების შემდეგ.
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა X-ზე დაწერა, რომ აღარ ეგონა შვიდი ოქტომბრის შემდეგ მსგავსი შოკისმომგვრელი მოვლენების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის ნახვა თუ მოუწევდა.
„ამსტერდამის შუაგულში დატრიალდა ანტისემიტური პოგრომი [ებრაელების ორგანიზებული დარბევა] მაკაბის თელავიველი გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს სერიოზული ინციდენტია და გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
სულ მხარდაჭერას ვუცხადებ თანამშრომლობას ორი ქვეყნის მთავრობებს შორის და მჯერა, ნიდერლანდების ხელისუფლება მყისიერად იმოქმედებს და ყველა შესაძლო ზომას მიიღებს ისრაელელებისა და ებრაელების საპოვნელად, დასაცავად, ვისაც თავდასხმის საფრთხე ემუქრება, აღკვეთენ ძალადობას ებრაელებისა და ისრაელის მოქალაქეების მიმართ“, — წერს ისრაელის პრეზიდენტი.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომელიც მხარეთა მტკიცებით, ასახავს ერთი მხრივ ისრაელელებზე თავდასხმას, მეორე მხრივ ისრაელელებს, რომლებიც პალესტინისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ რეპლიკებს ისვრიან. თუმცა, ამ ვიდეოების ავთენტურობა დაუდასტურებელია.
ამსტერდამის მერს მანამდე უცდია, რომ პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრანტები ტერიტორიიდან მოეშორებინა, თუმცა ერთმა დიდმა ჯგუფმა იოჰან კრუიფის სტადიონთან მაინც მიაღწია და ბოლოს სპეცრაზმის დახმარებით შეაჩერეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ გულშემატკივრებმა სტადიონი მშვიდობიანად დატოვეს და თავდასხმები მოგვიანებით ღამის განმავლობაში მოხდა. ნიდერლანდების პრემიერმინისტრის თქმით, ახლა ამსტერდამში სიმშვიდეა.
ფოტო: EPA. ნიდერლანდების პოლიცია თამაშის დაწყებამდე ადგილობრივს აპატიმრებს ისრაელელი გულშემატკივრების სავარაუდო პროვოცირების გამო