ამჟამინდელი ტენდენციით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ჩინეთის, აზერბაიჯანისა და ისრაელის მოქალაქეების მხრიდან დიდი დაინტერესებაა – „საკურა ფროფერთი”
Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვიდან ვიგებთ, რომ 2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,892 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 7.5%-იანი კლება დაფიქსირდა. შემცირება ძირითადად შეეხება კომერციულ და საინვესტიციო ფართებს.
აღნიშნულ სტატისტიკას, „კომერსატნტის“ ეთერში, „საკურა ფროფერთისის” დამფუძნებელი, ვიქტორია საკუროვა ადასტურებს.
საკუროვა განმარტავს, რომ 2025 წელს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ფონისა და შემცირებული მიგრაციის გამო, ქირაზე ფასები შემცირებულია. ასევე, შემცირებულია იმ ევროპელი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში უძრავი ქონების ინვესტიციებით იყვნენ დაინტერესებული.
ამ ეტაპზე, მაღალბიუჯეტიანი პროექტებით ძირითადად ჩინეთის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაინტერესებული.
„2025 წლის დასაწყისში ქირაზე ნაკლები მოთხოვნა გვაქვს, რადგან ბინის ქირაობა მთლიანად მიგრაციაზე იყო დამოკიდებული, როგორც კი მიგრაცია შემცირდა, ქირაზე ფასიც დავარდა. უძრავი ქონების გაყიდვის მიმართულებით რაიმე მკვეთრი ვარდნა არ გვაქვს, არც ფასების ვარდნა და სურათიც საკმაოდ სტაბილურია, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან. ეს სიტუაცია მაისის თვიდან შეიცვალა, როცა პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებები დაიწყო და შევამჩნიეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან ისე აღარ ინტერესდებოდნენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენით, როგორც ადრე. დასავლური ინვესტიციები შემცირებულია კომერციულ ფართებზეც. სიტუაცია კი წლის ბოლოს გაუარესდა, საოფისე ფართების იჯარასა და შეძენაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.
მეორეული ბინების ბაზარზე მოთხოვნა ისედაც ძალიან დიდი იყო, მიწოდება კი პატარა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკურმა სიტუაციამ რამე შეცვალა ან ფასები შეამცირა.
ამჟამინდელი ტენდენციით იკვეთება, რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მხრივ დაინტერესებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები, და ასევე, ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც ძირითადად მშენებარე საინვესტიციო პროექტებით არიან დაინტერესებულნი. უნდა აღინიშნოს ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც ძვირად ღირებულ ინვესტიციებს აკეთებენ“,- აღნიშნა ვიქტორია საკუროვამ.
