მოსამართლეთა უდიდესი უმრავლესობა ამ პოზიციას იზიარებს, რომ ე.წ. ვეტინგი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
„ალბანეთის შემთხვევაში, გამოკითხული მოსამართლეების 58% ამბობდა, რომ სასამართლო სისტემაში არის კორუფცია და უნდა გატარდეს რეფორმა. ასეთი წინაპირობები საქართველოში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ეფუძნება საქართველოს მიმართ ეს რეკომენდაცია. მოსამართლეების კეთილსინდისიერება მაშინ არის შემოწმებული, როდესაც უვადოდ იქნენ განწესებული თანამდებობებზე. ქონებრივი მდგომარეობა ყოველწლიურად მოწმდება, ამის კანონით დადგენილი მექანიზმი არსებობს. ანტიკორუფციული ბიურო ყოველწლიურად ჩვენს საჯაროდ გამოქვეყნებულ დეკლარაციებს სწავლობს და ისიც ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ არასამთავრობოებისგან შემდგარი კომისიაც, ამოჩემებული ვყავართ დაახლოებით 30-მდე მოსამართლე და კიდევ დამატებით გვახვედრებენ მონიტორინგში, რითაც გვაიძულებენ კიდევ დამატებითი მტკიცებულებების მოძიებას, ჩვენი საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარდგენას, ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას. ნუ, რას ვიზამთ. ამ ასპექტშიც მოსამართლეების საქმიანობა და პიროვნებაც, უკვე მოწმდება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის რიგით 32-ე შეხვედრა, რომელიც ემსახურება იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევას. იმსჯელებენ ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც.